დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ოსებმა იკორთიდან წმინდა მოწამეთა ნეშტები გაიტაცეს

როგორც ოსური რუსულენოვანი საიტები იუწყებიან, 1990-იან წლებში ოსებს იკორთიდან გაუტაციათ წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილის, წმ. შალვა და წმ. ელიზბარ ქსნის ერისთავთა ნეშტები და ქ. ცხინვალის ღვთისმშობლის ტაძარში დაუსვენებიათ (იხილეთ ფოტოები). 2008 წელს კი სამი ძვალი გადაუციათ ვლადიკავკაზის ეპარქიის ალაგირის ალანიის ღვთისგანცხადების დედათა მონასტრისათვის (იხ. ფოტოები), რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება. ოსები ამ დიდ ქართველ წმინდანებს და საქართველოს ეროვნულ გმირებს ეთნიკურად ოსებად აცხადებენ! აქვე დავურთავ იკორთის ტაძარში წმინდა მოწამეთა სამარხზე არსებული საბჭოთა პერიოდის მარმარილოს ქართულწარწერიანი დაბზარული დაფის ფოტოს. დასადგენია, რამდენად მართლა მათი ნეშტები ამოთხარეს ოსებმა, თუ სხვა ძვლებს დაატარებენ შეცდომით!
აქვე იხილეთ ცხინვალის ოსური სქიზმატური “ალანიის ეპარქიის” გვერდის სტატია, სადაც აღნიშნულია რომ შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ეთნიკურად ვითომდაც ოსები ანუ ალანები იყვნენ, ცარაზონთა სამეფო დინასტიიდან. ქართული საისტორიო წყაროებით ქსნის ერისთავთა დინასტია ოსური წარმოშობისაა, სიდამონების (მეორე ვერსიით ბიბილურების) გვარიდან, მაგრამ ეს ეხება მე-6 საუკუნეს და შემდგომ ისინი სრულიად გაქართველდნენ და ქართველები იყვნენ და არიან. ქსნის ერისთავთა წარმომადგენლები ახლაც ცხოვრობენ საქართველოში და მსოფლიოში და მათი ოსებად გამოცხადება ნამდვილი კურიოზია.
წმინდა მოწამეთა სამარხი იკორთის ტაძარში (იხ. ფოტო). არ ვიცი წმინდათა ნეშტი ამ კედელში, მარმარილოს ქვის დაფის უკან იყო, თუ დაბლა იატაკის ქვეშ. დამტვრეული მარმარილოს დაფის ნაპრალში თითქოს ბნელი სივრცეა, თუ ასეა, მაშ დაფის უკან არის სივრცე, სადაც ეწყო წმინდა ნაწილები, ანუ ნეშტი-აცხადებს  დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი: საქართველოს დესტაბილიზაცია პუტინის მიზანია – ახლა ამას ჩარევის გარეშე აღწევს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე: ვაპირებ აცრის გაკეთებას