ორთაჭალაში, არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ორთაჭალაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში, ვახტანგ გორგასლისა და ბ.კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა