ორი საქმეა, სადაც ევროსასამართლოში სიტყვა „მონა“ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გაჟღერდა – ნონა წოწორია

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ევროსასამართლოს პრაქტიკას იხსენებს, სადაც სიტყვა “მონა” გაგებული იყო, როგორც გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჩამჯდარი სიტყვა:

“ევროსასამართლოს პრაქტიკით პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით ფართოა. საჯარო მოხელეებს კერძო პირებთან შედარებით მეტი თმენის ვალდებულება აქვთ. ორი საქმეა, სადაც ევროსასამართლოში სიტყვა „მონა“ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გაჟღერდა
1. Ibrahimov and Mammadov v. Azerbaijan, nos. 63571/16 and 5 others, 13 February 2020 – ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ჰეიდარ ალიევის დაბადების დღის აღსანიშნავი საიბილეო კვირეულის დროს მის ბიუსტზე გააკეთეს გრაფიტი შემდეგი წარწერებით ინგლისურად „“F..k the system” და აზერბაიჯანულად „ბედნიერი მონების დღე“.

ორივე მოსარჩელე დააკავეს და გაასამართლეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის. საქმეში ფიგურირებდა: დაკავებაში მონაწილე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, ფიზიკური ძალადობა, მტკიცებულებების ჩადება, საჯარო უარყოფის მოთხოვნა, გაუპატიურების მუქარა. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეების წინასწარი პატიმრობის რეალური მიზეზი იყო მათი დასჯა ქანდაკებაზე გაკეთებული წარწერების და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის. სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნების გამოხატვის თავისუფლებაში ასეთი ჩარევა იყო არა მხოლოდ უკანონო, არამედ უხეშად თვითნებური და შეუთავსებელი კანონის უზენაესობის პრინციპთან.

2. Chkhartishvili v. Georgia, no. 31349/20, 11 May 2023 – საქმე ეხება 2019 წლის ნოემბერში მიმდინარე პროტესტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდებას მოყვა. მოსარჩელე ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მიმდინარე შეკრებაზე ყვიროდა „ფაფა მონებისთვის“ შემდეგ ლობიო შეაყარა პოლიციელებს „მონების ფაფა პოლიციისთვის“ შეძახილით.

ევროსასამართომ ჩათვალა რომ ამ ქმედებისთვის 8 დღიანი პატიმრობის გამოყენება არღვევდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის საქციელი გულისხმობდა, რომ პოლიციელები “მონები” იყვნენ, თუმცა, აღნიშნა, რომ აჯარო მოხელეები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური უფლებამოსილებით, ექვემდებარებიან კრიტიკის უფრო ფართო ფარგლებს, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები და გარკვეული ზომის გადაჭარბება შეიძლება მოექცეს ამ საზღვრებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში სიტყვებს ლობიოს შეყრა მოყვა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ქმედება არ იყო ძალადობრივი, არ გამოუწვევია ზიანი ან სიტუაციის ესკალაცია. ამ პირობებში პატიმრობის გამოყენება იყო არაპროპორციული და არღვევდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას”, – წერს ნონა წოწორია.

banner
წინა სტატიაშირეალობა არის ის, რომ რუსული რეჟიმი მყარდება – გუნაშვილი
შემდეგი სტატიააშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მასშტაბური კონცენტრაცია საუდის არაბეთშიც ფიქსირდება