ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ბრალდებულის საზოგადოებრივი ადვოკატი, ქეთევან გაგოევა აცხადებს.

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა, შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ბრალდებულის ინტერესებს სავალდებულო წესით იცავს ადვოკატი ქეთევან გაგოევი.

„რამდენიმე წუთში, გამომძიებელთან ერთად შევალ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და სავარაუდოდ, მას წარედგინება ბრალდება. რაც შეეხება შიმშილობას, ჩემი ინფორმაციით, ის გუშინდელი დღიდან შიმშილობს და როგორც ჩემთან საუბრისას განმარტა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმმა, იგი მედიკამენტების მიღებაზეც უარს აცხადებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, აწუხებს კუჭი და საერთოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. რაც შეეხება პროცედურებს, როგორც მოგახსენეთ, მას სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში წარედგინება ბრალდება, რის შემდეგაც გორის რაიონულ სასამართლოში ჩაინიშნება მის საქმეზე პირველი სხდომა“, – განაცხადა ქეთევან გაგოევამ.

გაგოევის ინფორმაციითვე, მენაბდიშვილი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და დაცვაზე უარს აცხადებს, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოჯახის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ადვოკატის გარდა, მენაბდიშვილის საქმეში სავარაუდოდ, ორი ადვოკატი კიდევ ჩაერთვება.

შეგახსენებთ, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.