30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ორი პირის განზრახ მკვლელობის, მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ხაშურში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

,,გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში დაეხმარა მისი ძმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ავტომანქანით მიიყვანა, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში დაეხმარა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში – ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე პირს ბრალდება 25, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,- წერს საქართველოს პროკურატურა.

14 ივნისს, ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ტაბიძის სკვერში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ 70 ახალი სანქცია დააწესა
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა