“მოღალატეობრივი ქმედება, ან გაუაზრებელი ბოროტება – ასე შემიძლია შევაფასო არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება პარტია “ლელოსგან”. დიდ კონსპირაციებში რომ არ შევიდე და უფრო ფართო სურათი შევაფასო, ფაქტი ერთია – თავის დროზე, “ლელოს” და “გახარია საქართველისთვის” წყალობით ჩავარდა “ქართული ქარტია”, რაც იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა ყველაზე მძლავრ ფორმატს ქვეყნის გადასარჩენად”, –
წერს პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში და აგრძელებს:
“გადის დრო და გადამწყვეტ მომენტში, იგივე ორი პარტია ახდენს თითქმის გარდაცვლილი ტერორისტული ორგანიზაცია “ქართული ოცნების” რეანიმაციას. ვინმეს ეჭვი ეპარება ამ ქვეყანაში, რომ ეს ფაქტი გამოყენებული იქნება თუნდაც ფასადური შიდა ლეგიტიმაციის პროპაგანდაში, რაც მხოლოდ გააძლიერებს რუსულ რეჟიმს?! ჩემი ინფორმაციით, ამ აუხსნელმა გადაწყვეტილებამ უკვე მოახდინა გარკვეული ტიპის ზეგავლენა ზეწოლების სიჩქარეზე. რიტორიკა, რომელიც ისეთივე საკნებიდან ვრცელდება ლიდერების მიერ, რიგორშიც მე ვზივარ, ძალზე წააგავს “ქართული ოცნების” რიტორიკას, გაჯერებულია სიჯიუტით, თანამებრძოლების აზრის უგულებელყოფით და რადიკალურობით. შემდეგ, იგივე ადამიანები საუბრობენ ერთიანობაზე. არ ვიცი და აღარც ღირს პუნქტობრივად ჩამოვთვალო, რამდენი ზიანი მოაქვთ ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციას და მასში მონაწილე პოლიტიკურ აქტორებს. მეორეს მხრივ, რაც ხდება, კარგია – ამ ლუსტრციის წყალობით ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, რაც მხოლოდ წაადგება საყოველთაო დაუმორჩილებლობის და ბოიკოტის მეშვეობით ბრძოლას.
ვრწმუნდები, რომ ფუჭი სადღეგრძელოები იყო, არის და იქნება ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. მაგალითად: “პატივს ვცემ”, “ვერ დავიჯერებ” და ამასობაში საქართველოს ინტერესები ხურდავდება ყოვლად გაუგებარ, ვიწრო-პარტიულ ინტერესებში. ეს კიდევ ერთი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის – ამ ბრძოლაში რეალურად მყოფი ხალხისთვის. შესაბამისად, მჯერა, რომ ეს პროცესი უფრო გაგვაძლიერებს და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას.
გამხნევდით თანამებრძოლებო!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
ცეცხლი ოლიგარქიას!”, – წერს ბიზნესმენი.
















