„ორი დაბადების დღე აქვს ქვეყანას?“ – ნატო ჩხეიძის პასუხი კოლეგებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაუქმდეს 26 მაისი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

„სერიიდან: პარლამენტი და პარლამენტარები

ჯანდაცვის კომიტეტში ჩემს კანონპროექტს იხილავენ. პროექტი 26 მაისის დღესასწაულის გაუქმებას ითვალისწინებს, რადგან დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების დღე 9 აპრილია; რადგან დამოუკიდებლობის აქტს 1991 წლის 9 აპრილს მოეწერა ხელი; რადგან პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უაღრესად ემოციური და სახელმწიფოებრივად გააზრებული ტექსტით, 9 აპრილს მიულოცა ერს ქვეყნის დამოუკიდებლობა;რადგან დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ყველა საერთაშორისო ხელშრკრულების ხელმოწერისას 9 აპრილის აქტს ეყრდნობა; რადგან საქართველოს კონსტიტუციაში პირველივე მუხლის პირველივე პუნქტში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილია ჩაწერილი…

კიდევ რა არგუმენტია საჭირო? ის ერთიც საკმარისი – კონსტიტუციური ჩანაწერი.

ნორმალურ ქვეყანაში ის ერთიც საკმარისი იქნებოდა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციას მართლა პატივს სცემენ და მხოლიდ მაშინ არ მოიშველიებენ, თავისი რომ აქვთ გასატანი, – ის ერთიც საკმარისი იქნებიდა.

ამათ კი, „ოცნებამ“:

– 1918 წლის 26 მაისის სამართალმემკვიდრეები ვართო, მაშინ შეიქმნა საქართველო, როგორც საფრანგეთი ბასტილიის აღების დღესო,  ეს მემკვიდრეობითობა რომ დაიკარგოს, მაშინდელ საზღვრებზე ვეღარ გვექნება პრეტენზიაო,  ისტორიკოსებს ვესაუბრე 12 აგვისტოს( დიდგორის ომი) საკითხის განხილვის დროსო და ისინი 26 მაისის სამართალმემკვიდრეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენო და ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის განცდაც ეგეთია, რომ თუ 26 მაისის სამართალმემკვიდრეები არ ვიქნებით, ესე იგი, საბჭოეთს ვაღიარებთო და ამიტომ არ დაგეთანხმებითო ( აკაკი ზოიძე).

– საკითხი რადგან უკვე დაისვა, ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა მოგვიწევსო, ახლა რანაირი გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ, ეს საკითხი, ჩანს, მომავალში ისევ დადგება და სერიიზულად უნდა მოვეკიდოთო. სამსჯელოა ჯერო და ამიტომ ვერ გეთანხმებუთო (კობა ნარჩემაშვილი).

– 26 მაისი უნდა უქმე იყოსო, უნდა ვიზეიმოთო, მნიშვნელოვანი დღეაო, პირველი რედპუბლიკის დაარსების დღეაო, ჩვენი ახლანდელი სახელმწიფოს დაარსების დღე რომ 9 აპრილია, ეგ ხომ ყველამ ვიცით, ბატონმა ბიძინამ თქვაო, და 26 მაისი კი პირველი რესპუბლიკის დღეა და ის უნდა ვიზეიმოთ და ასეც უნდა მიეწეროს 26 მაისს, რომ ვისი დღეა და ის დღე და აუცილებლად უქმე უნდა იყოს და უნდა ვიზეიმოთო და ამიტომარ დაგეთანხმებითო ( მირიან წიკლაური).

– 9 აპრილის აღნიშვნაში გეთანხმებიო, მაგრამ 26 მაისის შესახებ კანონპროექტში ჩანაწერი არასწორედ გაქვთო, არ უნდა გაუქმნდეს, მინაწერი უნდა შეეცვალოსო და ამიტომ არ გეთანხმებითო (ზაქარია ქუცნაშვილი).

ვუმადლი ბ- ნ ზოიძეს, რომ დასკვნითი სიტყვა 3- ჯერ მომცა.

26 მაისის სამართალმემკვიდრენი კი ვართ, მაგრამ ეს ზვიად გამსახურდიას ტაქტიკა იყო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსაკენ მიმავალ გზაზე, ამ ტაქტიკით ხიდი იქნა გადებული, გადავედით კიდეც ამ ხიდით მეორე ნაპირზე და ხსოვნა მარტო იქითა ნაპირისა დაგვრჩა? თანაც როდის იყო, რომ ტაქტიკა გამარჯვების ტოლფასი ყოფილიყოს?..
26 მაისი თუ ძალიან გინდათ, პაპაც იყოს, მაგრამ 9 აპრილი მამაა და ჩვენი სახელმწიფო უშუალოდ 8 აპრილს დაიბადა, თანაც ბასტილიის 4 ივლისი და ჩვენი 26 მაისი მეტად განსხვავდება.
4 ივლისის მერე ფრანგებს სახელმწიფოს წყობა არ შეუცვლიათ, არაფერი დაუკარგავთ და მათი ბოლო დიდი გამარჯვება ბასტილიაა, ჩვენი დიდი გამარარჯვება კი 26 მაისი არ არის, არამედ, 9 აპრილია. 1991 წლის 9 აპრილი!.. და კონსტიტუციაშიც 9 აპრილი წერია და არა – 26 მაისი.
გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისტორიკოსებს შარშან ესაუბრეთ. ახლა რომ ესაუბროთ, ცოტა სხვა არგუმენტები ექნებათ, რადგან ისტორიკოსებიც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკური ნარატივის მიხედვით აგებენ არგუმენტებს, გაივლის წლები და ეგ სამართალმემკვიდრეობის აუცილებლობა დღესასწაულის აღსანიშნად აღარავის ემახსოვრება. და თუ დოკუმენტურად იქნება საჭირო, გამოყენებას რა უდგად წინ?.. გამოიყენეთ. უქმეობის გარეშეც ხომ დოკუმენტად დარჩება – (ეს აკაკი ზოიძეს).

1918 წლის 26 მაისზე ბევრად მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღები აქვს საქართველოს.
არა მგონია, თქვენმა ნაცნობმა ისტორიკოსებმაც კი ის შერაცხონ აღსანიშნავ თარიღად სხვა უამრავ დიდ თარიღთა შორის.
26 მაისის მერე 3 სრული წელიც არ ვიყავით დამოუკიდებლები და მთავრობა რომ გარბოდა, ჯარი ჯერ კიდეც ომობდა. ნეტავ, რით იყო ასე ღირსშესანიშნავი?

ხომ ვიცით, მეორე პრეზიდენტმა, ბ- მა შევარდნაძემ რატომ დაადგინა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი და 9 აპრილი კი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღედ – რათა ზვიად გამსახურდიას სახელს არ დაკავშირებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ნელ- ნელა მინავლებულიყო და სულაც მივიწყებულიყო, მაგრამ ტაბუ თანდათან აეხსნა ზვიად გამსახურდიას სახელს და აი, წელს უკვე აღნიშნა მეზუთე პრეზიდენტმა 9 აპრილი, როგორც დამოუკიდებლობის დღე და ამის მერე სულ ასე იქნებაო, დაგვპირდა.  პრემიერმაც აღნიშნა და პარლამენტის თავ- რემაც.

და რა გამოდის, ორი დაბადების დღე აქვს ქვეყანას?
ამიტომ ერთი უნდა გაუქმდეს და ცხადია ის, რომელიც არ წერია კონსტიტუციაში.
ამით სამართლიანობასაც აღადგენთ, რისი დაპირებითაც მოვიდა „ოცნება“, ამ ერთ დიდ სამართლიანობას მაინც აღადგენთ – ( ეს მირიან წიკლაურს)!

ჩანაწერი ისეთია, როგორი პრინციპული ხედვაც მაქვს 26 მაისთან დაკავშირებით.  სწორი ჩანაწერია!.. ეს თქვენ გგონიათ არასწორი თქვენი გადმოსახედიდან – (ეს ზაქარია ქუცნაშვილს).

კონსტიტუციური ჩანაწერი რომ უნდა შესრულდეს, ამის დრო ნამდვილად მოვა. ფრანგები უკვდავთა სასაფლაოზე 30 წლის შემდეგ გადაასვენებენ ხოლმე დიდ ადამიანთა ნეშტს, რადგან ობიექტურობას მხოლიდ შემდგომი თაობა თუ გაუსწორებს თვალს, მანამდე კი სუბიექტურობა სჭარბობს პიროვნებათა და მოვლენათა შეფასებისას.
ასე სწამთ ფრანგებს და აქ კი, საქართველოში, ჯერ არ გასულა 30 წელი და ეგეც გავა მალე, სულ 2 წელიიწადში და მოვა ის დრო, როცა გაუქმდება 26 მაისი და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მხოლიდ 9 აპრილი იქნება.
მალე მოვა ეს დრო!..

სჯობდა კი, რომ სამართლიანობა ამ მოწვევის პარლამენტს აღგვედგინა და კონსტიტუციური ჩანაწერის ცხოვრებაში შესრულების აუცილებლობაც თქვენ დაგედგინათ. სჯობდა კი (ეს კობა ნარჩემაშვილს).

კენჭისყრის შედეგები: კომიტეტის სხდომას ესწრებოდა 6 დეპუტატი. მომხრე- არც ერთი.  წინააღმდეგი – არც ერთი.  ყველამ თავი შეიკავა.

ეს უკვე მიღწევაა.
„ოცნებელთა“ თავშეკავება უკვე მიღწევაა.

ხომ ვთქვი, მოვა ის დრო,  მალე მოვა- მეთქი.
ამიტომაც გულწრფელი მადლობა გადავუხადე კოლეგებს თავშეკავებისთვის.

პ.ს. ვკეცე, ვკეცე და ვერ დავკეცე ეს ამხელა ამბავი უფრო ნაკლებად, ანუ უფრო მოკლე წასაკითხად.“

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი დორის დეი
შემდეგი სტატიაციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილს დღეს გამოკითხავენ