ორი არჩევანი გვაქვს, დავიცვათ წესები ან შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები, რისი რესურსიც ქვეყანას არ გააჩნია – ნათია მეზვრიშვილი

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 16:32

ორი არჩევანი გვაქვს, დავიცვათ წესები ან შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები, რისი რესურსიც ქვეყანას არ გააჩნია – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მზარდი შემთხვევების სამართავად მზად არის, მისი რესურსები ამოწურვადია.

ნათია მეზვრიშვილმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ვალდებულებაზე რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ ქვეყანას მკაცრი შეზღუდვების შემოღების რესურსი არ აქვს.

“ჩვენ სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჯანდაცვის რესურსები ამოუწურავი არ არის, ამაში გასაკვირი არაფერია. მიუხედავად მზაობისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ყველაფერს ვუმკლავდებით. ეს სისტემა გაუძლებს კიდევ, ველოდებით მატებას, დღეს 919 შემთხვევა იყო და უახლოეს დღეებში, შეიძლება ეს ციფრი 1000-ს გადასცდეს – ამისთვისაც ჯანდაცვის სისტემა მზადაა. თუმცა, რესურსები ამოუწურავი არაა და ამიტომ ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა, მთავრობის პასუხისმგებლობაა ვირუსის მართვა და ამას ის წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების მაჩვენებელი მზარდია. თავისი პასუხისმგებლობები უნდა შეასრულონ ორგანიზაციებმაც, ბიზნესმა, მოქალაქეებმა. ორი არჩევანი გვაქვს, დავიცვათ წესები და მეორე – შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები – ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია. რადგან ჩვენი უმთავრესი მიზანი დღეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენაცაა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს ვერ დავიცავთ,”-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 16:32