ორი ადამიანი პოლიტიკას ძირშივე მცდარ საფუძვლებზე აგებს

ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება უკვე მერამდენედ წააწყდა ჩიხურ სიტუაციას, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ჩიხურ სიტუაციას სათავე დაუდო ივანიშვილმა. მან თავის დროზე, ფუნდამენტურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა აიძულა და ქვეყნიდან გააძევა ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მას შემდეგ, მოგვწონს ეს თუ არა, ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი, რელიგიური კითხვაა – ჩამოვა? ეს დაბრუნება, მეორედ მოსვლა რაღაც რელიგიური მომენტია, რაც პოლიტიკაში არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის და ამას სათავე ივანიშვილმა დაუდო“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ასეთ დროს მიხეილ სააკაშვილი იმავეს ამბობს, რაც ბიძინა ივანიშვილმა მასთან მიმართებით გააკეთა.

„ანუ, ის ამბობს, ეს ადამიანი დასაჭერია, ჩამოვალ, დავიჭერ, წავართმევ ფულს, თქვენ დაგირიგებთ და ა.შ. სამართლებრივად ეს არასწორია და ამას რომ თავი დავანებოთ, პრაქტიკულად, ყველა კარგად ვხვდებით, რომ რომც ჩამოვიდეს, ივანიშვილს ვერც ვერავინ დაიჭერს. იმიტომ ვერ დაიჭერს, რომ უბრალოდ, ის წავა. თუ სიტუაცია ასეთია, როგორც თავის დროზე სააკაშვილს მოუწია წასვლა, შეიძლება, ივანიშვილთან მიმართებით ზუსტად ანალოგიური განმეორდეს და მეორე წრეზე წავალთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ორი ადამიანი პოლიტიკას ძირშივე მცდარ საფუძვლებზე აგებს.

„ეს ორი ადამიანი პოლიტიკას აგებს იმ დაშვებით, რომ მეორე არ არსებობს, განადგურებულია, მაგრამ ჩვენ შუა საუკუნეებში არ ვართ. ეს ორი ადამიანი არსებობს, იარსებებს და შესაბამისად, პოლიტიკა უნდა ავაწყოთ ისე, რომ ეს ორი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში იქნება. ამ ორმა ადამიანმა უნდა შეძლოს თანაცხოვრება და ქვეყანა ერთმანეთს არ უნდა გადააყოლონ. მეორე, ეს ორი ადამიანი დღეს ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს კვებავს, როგორც არასდროს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ უტრეხტის მსროლელი დააკავა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ჩვენს ხელისუფლებას რუსეთი წითელ ხაზებს უყენებს, რასაც “ოცნება” ექვემდებარება