ორბანი – ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული „ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება

უნგრეთი ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომელიც მოიცავს ემბარგოს ნავთობის იმპორტზე, არსებული ფორმით მხარს ვერ დაუჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული „ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება. მისი განმარტებით, უნგრეთს დასჭირდება 5 წელი და უზარმაზარი ინვესტიციების განხორციელება თავის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებში, რათა შეძლოს მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც დაახლოებით 65%-ით რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება, პირველ რიგში, 5 წელი გვჭირდება, რომ ეს პროცესი დასრულდეს, 1-1.5 წელი არაფრისთვის არ არის საკმარისი“, – განაცხადა ორბანმა.

მისი მტკიცებით, უნგრეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუ ევროკომისია წარადგენს ახალ წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს უნგრეთის ინტერესებს.

„მე მინდა ევროკავშირთან არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის „შავ სიაში“ შეყვანას, რადგან ეს არის „რელიგიური თავისუფლების საკითხი“.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს
შემდეგი სტატიაიუსტიციისა და სამოქალაქო ინტერგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით კონფერენცია – „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა