ევროკავშირი ვიდრე უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს, საჭიროა ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის ქვეყნებმა დეკემბერში უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რაც მოითხოვს 27-ვე წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას, დიპლომატები კი აცხადებენ, რომ უნგრეთი შეიძლება, იყოს დაბრკოლება.
„ჩვენ ვერ ავიცილებთ საკითხს, როდის გვექნება ბრიუსელში მოლაპარაკებები უკრაინის მომავალზე – შეგვიძლია თუ არა, სერიოზულად განვიხილოთ ქვეყნის გაწევრიანება, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელშიც ომი მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, რამდენად დიდია მისი მოსახლეობა, რადგან ისინი გარბიან. ამ პარამეტრების ცოდნის გარეშე, რომ ქვეყანა ევროკავშირში დაუშვათ, ეს უპრეცედენტო იქნებოდა“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეალური გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა ძალიან რთულ კითხვებს გაეცეს პასუხი.