ორად გაყოფილი “ქართული ოცნება” – ანალიტიკოსები საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას არ გამორიცხავენ

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ “ქართულ ოცნებაში” არსებული დაპირისპირების გამო პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს. მათი აზრით, გუნდის ლიდერები დამოუკიდებელად არ იღებენ გადაწყვეტილებებს და მათ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„კრიზისმა თავი იჩინა და ამ ფორმით გადმოხეთქა. დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში აქ არ არსებობს, სისტემა აგებულია ერთ ადამიანზე, პარაზიტირებს მის რესურსებზე. ისინი უფრო ცდილობენ შიდა კონფიგურაცია შეცვალონ და ამასთან გვაქვს საქმე.

არ გამოვრიცხავ ეს ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ შეეცდებიან ალბათ, რომ თანაცხოვრების ახალი ფორმატი მოძებნონ,“-ამბობს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგები „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისზეც საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ ეკა ბესელიას შემდეგ სხვა ლიდერებიც მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.

„როგორც ჩანს კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩახსნა იგეგმება, უბრალო უმრავლესობას შეინარჩუნებენ და აღარ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ რომ რაც უნდოდათ უკვე გაიტანეს.

ალბათ, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. რადგან “ოცნებაში” ერთდროულად არის კრიზისიც და გადახალისების მცდელობაც,“-ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა გუშინ დატოვა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

ბესელიამ თქვა, რომ სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომელთა სახელები პოლიტიკურ ზეწოლებს უკავშირდება. დეპუტატის განცხადებამ მისივე თანაგუნდელების გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებების შემდეგ დაპირისპირება დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა. “ქართული ოცნება” ორ ბანაკად, ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიას გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია
შემდეგი სტატიაია კერზაიას საქმე – ბაჩანა შენგელია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს