“ოქუაშვილის რანგის ბიზნესმენებმა, ძალიან კარგად იციან სად უნდა დაალაგონ სიტუაცია…”

“ომეგა ჯგუფის” სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ – საქართველოს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მზადდება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც „ომეგა ჯგუფის“ ბრიტანელი ადვოკატი ლონდონის სასამართლოს მიმართავს.

ანზორ ჩუბინიძე „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ იმ ჩანაწერში ფიგურირებს, სადაც თამბაქოს ბიზნესისა და „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრისას ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძეს აბარია ერთ-ერთი საქმე და ის არის ხელისუფლების სხვა პირებთან „მომგვარებელი,“ რაშიც მან გარკვეული თანხაც უნდა მიიღოს.

ანზორ ჩუბინიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ამ „აბდაუბდაზე“ თავს არ იმართლებს.

„სამარცხვინოც კია რამე ინტერვიუ გავაკეთო. „იბერია“ ბავშვობაში მახსოვს, ახალგაზრდობაში და ახლა გავიგონე რომ ასეთი ტელეკომპანიაა. ბოდიშს ვიხდი რა, ნაკლებად ვიცნობ შეიძლება.

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კავშირი არ მქონია, არ მექნება და იმის გამო, რომ საფინანსო ინსტიტუტში არასოდეს ვიმუშავებ დიდი ალბათობით, ვერანაირად ვერ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმში მონაწილეობა მიღებულია. მე მგონია არ იყო ასეთი ჩანაწერი, თუნდაც რომ ყოფილიყო ამ აბდაუბდაზე არ ვიმართლებ თავს.

“მე ვმუშაობ დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ვფიქრობ რომ ვარ ძალიან კომპეტენტური. საფინანსო სფეროში არ ვმუშაობ. მე ვფიქრობ რომ ოქუაშვილის რანგის ბიზნესმენებმა უნდა მოახერხონ და ძალიან კარგად იციან სად უნდა დაალაგონ სიტუაცია ეს არის საფინანსო ინსტიტუტი. ძალიან კარგად იციან ამ რანგის მოხელეებმა ვის და სად უნდა მიმართონ,“-აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს
შემდეგი სტატიამიხეილ ყაველაშვილი: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, ჯანსაღი ცხოვრებით მეტი ადამიანი დაკავდეს და ამის უზრუნველყოფა კანონის დონეზე მოხდეს“