ოქრუაშვილის სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ _ რატომ ითხოვდა ყოფილი მინისტრი “პანორამას” დაყადაღებას

2016 წლის 10 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელმა გიორგი ზედელაშვილმა განცხადებით მიმართა და ქიბარ ხალვაშის კუთვნილ ქონებაზე (ქალაქი თბილისი , აბაშელის ქ. #19 დაზუსტებული ფართობი: 700.00 კვ. მ.) ყადაღის დადება მოითხოვა.

14 ნოემბერს, საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა: „წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი _ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად,“ _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში.

ამავე გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის 3 დღე მისცეს, თუმცა, როგორც ირკვევა, დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხერხდა და შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოებაც შეწყდა.

ოქრუაშვილი, აბაშელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის გარდა, ყადაღის დადებას შპს „პანორამაზეც“ ითხოვდა:

„მოვითხოვ, რომწარმოდგენილიდოკუმენტაციისსაფუძველზე,მოახდინოთ ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია.საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: 100%-იანი წილიშ პსპანორამაში, _ აღნიშნულია რეესტრში შეტანილ განცხადებაში.

რეესტრს არც ეს განცხადება დაუკმაყოფილებია. მიზეზი ანალოგიურია _ „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის“ არ არსებობა.

ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ზედელაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საჯარო რეესტრში დოკუმენტების წარმოდგენა სასამართლოს გამო ვერ მოხერხდა:

_ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ველოდებოდით ყადაღის დადებას და შესაბამისად, საჯარო რეესტრს ვთხოვეთ შეეჩერებინა რაიმე ქმედების გახორციელება პანორამას წილთან დაკავშირებით. ვინაიდან და რადგანაც სასამართლომ არ მოახდინა უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება, ანუ ყადაღის დადება ამ წილზე, ვერ წარვუდგინეთ საჯარო რეესტრს ყადაღის დოკუმენტი და წარმოებაც შეწყდა, _ გვითხრა ზედელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რეესტრში შეტანილი განცხადების საფუძველი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელია, რომლითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვალის დაბრუნებას ითხოვს:

_ ქიბარ ხალვაშს გააჩნია ირაკლი ოქრუაშვილის სასეხო დავალიანება და ამაზე გაფორმებულია შეთანხმება, რაც ერთვის სარჩელს და რაც ადასტურებს ვალის არსებობს. ხალვაშმა ეს თანხა არ გადაიხადა და ამიტომ გახდა ირაკლი ოქრუაშვილი იძულებული სასამართლოში შეეტანა სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით. ასევე, მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფა, რომ შემდეგ თანხის ამოღების შესაძლებლობა ყოფილიყო.

ირაკლიმ მოითხოვა როგორც ყადაღის დადება და გასხვისების აკრძალვა, როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე , ქიბარ ხალვაშის 100%-იან წილზე „პანორამაში“, _ გვითხრა ზედელაშვილმა, რომლის ინფორმაციით სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

_ ბატონო გიორგი, შპს „პანორამა“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის 40%-იან წილს ფლობს. რატომ ითხოვდა ოქრუაშვილი ყადაღის დადებას მაინცდამაინც „პანორამაზე“ და არა სხვა ქონებაზე?

_ ირაკლიმ სარჩელი 4 თვის წინ შეიტანა სასამართლოში.

_ ხალვაშმა სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო…

_ ყადაღის დადება მოვითხოვეთ იმ ქონებაზე რაც მოვიძიეთ და რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელი, რომლის ინფორმაციით თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავის გაგრძელებას აპირებს.

ჩვენს შევეცადეთ ამ თემაზე ქიბარ ხალვაშიც კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ამ ეტაპზე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თუმცა, „გურია ნიუსის“ არქივში არსებობს ამ თემაზე მის მიერ გაკეთებული კომენტარი. მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ხალვაშთან 2010 წელს, ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში ის წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით, არ იმოქმედებდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე და ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ოქრუაშვილს გადაუხდიდა 7 მილიონ დოლარს, ხალვაშმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება:

„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართულიანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს.ნაციონალი არის ყველა,ვინც ცხოვრობს წესით:ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას,უსახლკაროდ დარჩეს. „მაესტროს“ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია. ვფიქრობდი,რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება,გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია, _ ამბობდა ქიბარ ხალვაში.

წყარო: “გურია ნიუსი”

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში-დარღვევები და ზეწოლა სასამართლო სისტემაზე
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები “რუსთავი2”-ის საქმეზე სტრასბურგს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ