ოქრუაშვილი – ბოლო მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, იდგას ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია არეულობის გამოწვევა

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და როგორი სუსტია ჩვენი სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი ადამიანის ნება-სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, მეორეხარისხოვანს ხდის დემოკრატიას და მის ფუნდამენტალურ ღირებულებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„მაიკ პომპეოს განცხადებების ფონზე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაფიქრებინა, რომ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პროცესებთან, ვიდრე ფასეულობათა ბრძოლასთან. მოვლენები ასევე გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, იდგას ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა, რამაც შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს ივანიშვილს. ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები, ამ ინსტიტუციებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილი მიმართავს პოლიციელებს, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა ცალკეულმა ჯგუფებმა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება და მათი მხრიდან სახელმწიფოს ინტერესების ხელში აღება.

„ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით. არავის აქვს უფლება, საკუთარი თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა, არც ერთი ჩვენგანი არ უნდა აღმოჩნდეს უნებლიედ გამოყენებული იარაღი ვინმეს ხელში. შესაძლოა, სახელმწიფო ჩამოგვეშალოს ორი ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფის ჭიდილის გამო. ამ ქვეყანაში კონსტიტუცია და კანონი არის ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი თითოეული ჩვენგანის ქცევისა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცნობილი რბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ რუსი დეპუტატი, გავრილოვი ქვეყანაში არ უნდა შემოუშვას
შემდეგი სტატიამიზანი შესაძლოა იყოს ქვეყანაში არეულობის გამოწვევა – ოქრუაშვილი ვასაძის მხარდამჭერებსა და ლგბტ თემს შორის არსებულ დაპირისპირებაზე