ოქრუაშვილი – 2014 წელს გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ჩვენების მიცემა მომთხოვეს იმ სახით, როგორი სახითაც მაქვს მიცემული

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ინტერესდება, საიდან ჩაუვარდა დავით დვალს ხელში მისი დაკითხვის ოქმი.

ოქრიაშვილი ვარაუდობს, რომ დვალს სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი პროკურატურამ მისცა.

„პოლიტიკაში არსებობს ტერმინი – ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა
ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ რადგან დვალმა ისურვა ამ თემაზე საუბარი, ძალიან მარტივი კითხვა ისმის – საიდან ჩაუვარდა ხელში დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი. არანაირი მხარე არ არის, ისევეა დაკითხული, როგორც მე. ესეი იგი, პროკურატურამ მისცა მას სისხლის სამართლის საქმიდან გადაღებული ასლი? მაგრამ მე თვალით არ მინახავს ეს ყველაფერი. დავუშვათ ეს ასეა. რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, მეც ანალოგიური მეთოდით ვპასუხობ.

2014 წელის პირველ აპრილს ვარ დაკითხული. 15 ივნისს ადგილობრივი არჩევნებია, როდესაც გორში მერობაზე კენჭისყრას ვაპირებ. ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ „ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ივანიშვილთან იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო, ერთი – ხელი არ შემეშალა მათთვის და მათ გეგმებში დისონანსი არ შემეტანა; მეორე – გარკვეული სახის მინიმუმ ხელის არშეშლა მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ამისთვის შუამავლობა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სთხოვა.

„ამისთვის ვთხოვე შუამავლობა და ურთიერთობების გარკვევა დავით უსუფაშვილს. ამას უსუფაშვილთან შეთანხმებით ვსაუბრობ, ისე არ ვისაუბრებდი. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი მომიტანა. ეს ჩემი 2014 წლის ნაქონი ტელეფონია და დათო უსუფაშვილის „ესემესია“ გამოგზავნილი, ივანიშვილის დანაბარებს გადმომცემს – პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ანუ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის გარკვევაზე ეს პასუხია. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან ამ ჩვენების მიცემა მომთხოვა, იმ სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს. თუ გნებავთ, ამ ტელეფონს გაჩუქებთ და ისეთი მაღალჩინოსნის „ესემესებს“ ნახავთ შეიძლება, თმები ყალყზე დაგიდგეთ“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ დავით დვალს დოკუმენტი მიეღო, სულ მცირე, საქმეში დაზარალებულად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

„დვალმა რომ დოკუმენტი მიიღოს, მინიმუმ, დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი. ის დაზარალებული არ არსი. მაგდენი ელემენტარული იურიდიული რაღაცები მესმის, კულტურის სამინისტროში არ ვმუშაობდი“, – განაცხადა ირაკლი ოქრიაშვილმა ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს
შემდეგი სტატია,,მსურს, კრიტიკული მედია ვიხილო, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების”