ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მართლაც შთამბეჭდავი შედეგი – გამსახურდია

ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მართლაც შთამბეჭდავი შედეგი ამ მასშტაბის ფინანსური და ადმინრესურსის მიუხედავად არ ნიშნავს 2004-2012 წლების რესტავრაციას. მე თუ მკითხავთ, არავითარი “რესტავრაცია” არ უნდა მოხდეს და მჯერა არც მოხდება, არამედ უნდა წავიდეთ წინ.

ეს ყველაფერი მოჰყვა:

1. გრაფ მონტე კრისტოს იდუმალების ხიბლჩამოცლილი ბიძინას შეუსრულებელ და ფუჭ დაპირებებს, ტელეეკრანზე ციციკორეობას და “სისხლიან 9 წელზე” გაუთავებელი აპელირებით ხალხისთვის ტვინის ამოჭმას.

2. ფორმალურად დამოუკიდებელი, სინამდვილეში ოცნების საპრეზიდენტო N 48 კანდიდატის როგორ ახლა, ისე წინათ გაკეთებულ გაუზრებელ, რეალობას აცდენილ, პიარულად გაუმართლებელ და უცნაურ გამონათქვამებს, რაც მოწინააღმდეგეებმა შესანიშნავად გამოიყენეს.

2. ფარული ჩანაწერების ანტიგმირების სარდაფულ ამბებს. ძვირადღირებული ვილების და კორუფციის ისტორიების გამომზეურებას. ასევე არასათანადო მომენტში მმართველი გუნდის გამაღიზიანებელი ანტისახეების უაზრო აქტიურობას.

3. რუსთავი 2-ის ფუნქციონირებას, რომელიც უროს ეფექტით მუშაობდა.

4. გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი “არანაციონალი,” წარსულში ანტინაციონალი ლიდერის აქტიურობას, რამაც საზოგადოებაზე საკმაო ზემოქმედება იქონია. ამ 37 პროცენტიდან ნაციონალური მოძრაობის პარტაქტივის შედეგი ალბათ მთელის მესამედს უდრის.

5. მმართველი გუნდის ზოგიერთ ნაბიჯს ან მათი მხრიდან გაკეთებულ ისეთ განცხადებას, რამაც თვით სამღვდელოების წარმომადგენლებიც კი გააღიზიანა და აამხედრა. სარალიძის საქმის გამოუძიებლობას და ბოლოს მის დაპატიმრებას.

დარჩა ერთი ნაბიჯი: თუ ორივე მხარე – და ერთში მოვიაზრებ ნაციონალებს და ევსაქებს, ხოლო მეორეში დანარჩენ ოპოზიციას – გააფორმებენ მემორანდუმს მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რათა შეწყდეს ლაპარაკი “რევანშზე”, “9 წელიწადის რესტავრაციაზე” და ა.შ. მოგებულია მეორე ტურიც, შესაბამისად მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მოვიდა… – ეკა ბესელია
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნები და ივანიშვილის ექსპერიმენტი