ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მეგობარი ელჩების ძალისხმევით გრძელდება კონსულტაციები ქვეყნის ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, სადაც ის შეიყვანა არსებულმა ხელისუფლებამ, არჩევნების გაყალბებითა და ძალაუფლების უზურპაციით.

„ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს მოწერილი დეკლარაციაზე, რომლის თანახმადაც, არავინ ვაპირებთ ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, რატომ იმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა: „ერთი-ერთზე იყო კონსულტაციები იმ ლიდერებთან, ვისთანაც ეს ჩაითვალა საჭიროდ, ან ყველასთან, შესაბამისად ამის რეგლამენტაცია შეუძლებელი გახლავთ, რადგან ფასილიტატორი ელჩები თავიანთი პრობლემების წინაშე დგანან, რადგან მათ ამოცანა არის, რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან და დღეს ასე ჩათვალეს საჭირო. ველოდებით ივანიშვილის წარმომადგენლებს წინადადებით, რომ ამა და ამ დროს ინიშნება ახალი არჩევნები და არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში“.

მისივე თქმით, ინდივიდუალური შეხვედრების შემცვლელი ფორმატი კაცობრიობამ ვერ გამონახა.

„სად ერთი-ერთზე კონტაქტი, სადაც ბევრად იოლად არის შესაძლებელი მეტი არგუმენტები გადმოალაგო შენი პოზიციების დასასაბუთებლად და სად მრავალფორმატიანი კონსულტაცია, სადაც რეგლამენტი და დრო შეზღუდულია. ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან ელჩები, როდესაც გვაძლევენ საშუალებას, რომ უფრო ფართოდ და არგუმენტებით დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ცხოველების ფერმა” – აქტვისიტებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ – კაპანაძე