ოპოზიციური პარტიები BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დასავლელ მოკავშირეებს განცხადებით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასავლელ მოკავშირეებს განცხადებით მიმართავენ.

განცხადებაში ოპოზიციური პარტიები სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს მოუწოდებენ, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.

ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებს მოწუოდებენ, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:
ბიბისის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოძიებამ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.

დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებისა და საქართველოს საერთაშორისო კონვენციებისადმი ერთგულების უმძიმეს დარღვევას.

ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ ადამიანს ემორჩილება, მიუკერძოებელი შიდა გამოძიება ვერ ჩატარდება. რასაკვირველია, ავტორიტარული, არალეგიტიმური ხელისუფლება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მოიწვევას არ გეგმავს – მაშინ, როცა მსგავსი ბრალდების პირობებში, ნებისმიერი ანგარიშვალდებული ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა.

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ. “ქართული ოცნებისთვის” მსგავსი შეზღუდვის დაწესება პრევენციული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს.

დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე ვაგროვებთ და ვამუშავებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება.

ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: რეჟიმის ცვლილებამდე აიცილოს თავიდან ამგვარი ნივთიერებების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ბიბისის გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება,” – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

“ახალი”,
“გირჩი”,
“ევროპული საქართველო”,
“ეროვნულ დემოკრატიული პარტია”,
“თავისუფლების მოედანი”,
“სტრატეგია აღმაშენებელი”,
“ფედერალისტები”.

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

banner
წინა სტატიაში2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა უქმდება
შემდეგი სტატიამაგნიტსკის აქტის შემქმნელი “ოცნების” მიერ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე: “ეს თავად მოიფიქრეს, თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს”