ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პაპუაშვილთან შეხვედრას არ ესწრებიან, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მათი გზაა პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას არ ესწრება, აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალები დაინტერესებული არიან, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება, რათა პროცესს მაქსიმალურად შეუქმნან დაბრკოლებები.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს პოლიტიკური ძალები არიან ორგანულად დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათ ეშინიათ, რომ ამით ხელისუფლება დაიწერს ქულებს, ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და აქედან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამისთვის მათ ესახებათ კონკრეტული გზა – ეს არის პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა. სწორედ იმიტომ არ ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას, რომ პროცესს მაქსიმალურად შეუქმნან დაბრკოლებები და ასეთ დროს ისინი ფიქრობენ, რომ ხელი შეეშლება ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საპირისპირო მიმართულებით, რადგან ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლება არის სუბიექტურად დაონტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასევე ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაში ოპოზიციის წევრების არმონაწილეობაც ზუტად იგივეა.

„ვხედავთ, რომ ნულია ინტერესი კანდიდატის სტატუსის მიმართ, პირიქით, აქვთ მაქსიმალური ინტერესი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს მეტყველებს კიდევ ერთხელ მათ ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე და იმაზე, რომ მათი გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ კიდევ აქვთ რაღაცების იმედი. ბაკურიანში მათ დასახეს გეგმა, რომელიც სწორედ უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსის არმიღებას, იქ შეიკრიბნენ ზუსტად იგივე პარტიები, „ენჯეოები“ და ტელევიზიები, მათ ჰქონდათ შესაბამისი გეგმა, რომელიც იყო აგებული კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე. ეს გეგმა ჩაუვარდათ ახლა, ზაფხულში და იმედი აქვთ, რომ დეკემბერში ამ გეგმას რაღაცნაირად მიუბრუნდებიან. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ნებისმიერი მათი დესტრუქციული ქმედება, თუმცა ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატიაშინეტავ რა ჰგონია ევროკავშირს რომ ულტიმატუმით ელაპარაკება, კალთებს დაახევენ? – თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძეზე
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: “ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია”