ოპოზიციის მთავარი მიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს – ქადაგიშვილი

“ქართული ოცნება” ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს ოპოზიცია უშლის.

პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპონენტების მიზანია, საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს და შემდეგ ეს “ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ”.

“ოპოზიციის მთელი ეს ქმედება, რეალურად, ჩემი ღრმა რწმენით, მიმართულია არა იქითკენ, რომ რამენაირად მიეხმაროს საქართველოს ამ პროცესში, არამედ რამენაირად დაზიანდეს საქართველო. მთავარი მიზანი არის, რომ საქართველომ ამა თუ იმ ფორმით სტატუსი ვერ მიიღოს, რაც მას მისცემს საშუალებას, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არეულობა და ასეთი პროცესები განახორციელოს”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

“ოცნების” კიდევ ერთი წარმომადგენლის, დეპუტატ გივი მიქანაძის თქმით, ოპოზიციის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებისთვის შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს, “უსამართლოა”.

“ჩვენ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ დედაქალაქში ვიყავით და რა თქმა უნდა, ყველაზე ინტენსიური მოლაპარაკებები ბრიუსელში გვქონდა, არაერთი ვიზიტი განხორციელდა. სწორედ ამ ყველა ვიზიტის მიზანი არის ის, რომ ჩვენ პარტნიორებს თუკი რაიმე კითხვა აქვთ, ჩვენ პასუხები გავცეთ. ეს არის ის მომენტი, როდესაც აქ რაიმე განსხვავებებზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საუბარი არ უნდა იყოს. ეს არის ქვეყნის ინტერესებისთვის, ჩვენი საზოგადოების ინტერესებისთვის გადადგმული ნაბიჯები. ამ დროს, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ რაღაც ნაბიჯებს არ ვდგამთ, არ არის სამართლიანი”, – თქვა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკის მოლაპარაკებები მაკრონთან, შოლცთან, დრაგისთან და იოჰანესთან დაიწყო
შემდეგი სტატია„სანამ ივანიშვილის რეჟიმი გვყავს ხელისუფლებაში, მანამდე საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნების შანსი არ აქვს.“ – გიგა ბოკერია