ოპოზიციამ და ლობისტებმა ჩამოწერონ რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად – კობახიძე

“უშეცდომო არავინაა და შეიძლება ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით” – “ქართული ოცნება” მათივე შეფასებით რადიკალურ ოპოზიციასა და მათ ლობისტებს მიმართავს საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გააკეთა.

ამ თემაზე პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი აზრით, ყველა ვინც ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს, სინამდვილეში იმიტომაა უკმაყოფილიყო, რომ საქართველო ომში არ ერთვება.

“თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ, ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იგივეს ველით თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით, ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე მიგვანიშნებენ, თუმცა სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს, შესაბამისად, კარგი იქნებოდა მათაც ჩამოეთვალათ რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა.

უშეცდომო არავინაა და შეიძლება ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით, მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა, ოღონდ არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიწითელი ჯვარი არ გამოაქვეყნებს აზოვსტალიდან პატიმართა სიას
შემდეგი სტატიაოკუპანტები მარიუპოლის პორტიდან მარცვლეულის ნარჩენების გატანას ცდილობენ