ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ინიცირებული კანონპროექტი ძირს უთხრის ამ ინსტიტუციას, ამავდროულად, მმართველი გუნდისგან წარმოადგენს ღია გზავნილს მათგან დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის დაისჯებიან.

„საქართველოს პარლამენტში „ქართული იცნების“ შვიდი დეპუტატის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნინშული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს, უმრავლესობის მხრიდან წარმოადგენს ღია გზავნილს ყველა მათგან დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. ასევე, საგანგაშოა ის, რომ ახალი წლის წინა კვირაში ეს ინიციატივა მომზადდა ყველასგან ფარულად. თავად ისნპექტორიც კი ჩართული არ ყოფილა, არანაირი კონსულტაცია მასთან არ ყოფილა გავლილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ინიციატორები ითხოვენ ამ ძალიან სქელი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე დარტყმის განხორციელება და დაუშვებელია დაჩქარებული წესით განხილვა, ეს იქნება ჩვენი პოზიცია ბიუროს სხდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და კანონპროექტის ინიცირება სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ აღნიშნული გამოძიება შეჩერდეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამინური მოპყრობის ფაქტზე, ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს. ეს არის გზავნილი პირადად ლონდა თოლორაიას მიმართ, რომელიც ახლა იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში და თავად განაცხადა, რომ ეს კონკრეტული მომენტი ანგარიშსწორებისთვის შეირჩა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან პირადად ლონდა თოლორაიამ გაბედა, რომ არ ყოფილიყო მონურ მორჩილებაში და არჩია პროფესიონალური კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, რადგან მან გაბედა, ეთქვა სიმართლე. ჩვენ ვითხოვთ, დაუყონებლივ შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მოხდეს სახელმწიფო ინსფექტორის ჩართვა ამ პროცესში, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების. აღნიშნული რესტრუქტურიზაცია რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს, განხორციელდეს მას შემდეგ, რაც მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის ვადა ამოიწურება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წინა სტატიაშიბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ ლოპანის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს