ოპოზიცია „ოცნების“ მაღაჩინოსნებზე მალე სკანდალურ მასალებს გაასაჯაროვებს!

გიგლა ბარამიძე: „ასეთ რამეს მაღალი თანამდებობის პირებს არცერთ ქვეყანაში არ პატიობენ!“

 

ოპოზიციამ პიკეტები განაახლა. პროტესტი 4 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ბაღდათში დატრაიალებულმა საშინელმა ტრაგედიამ ოპოზიციას გეგმები შეუცვალა და პიკეტები ერთი დღის დაგვიანებით დაიწყო. „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის აქტივობა შედეგს გამოიღებს. ბარამიძე არც იმას გამორიცხავს, რომ „ოცნება“ ყველაფერი გააკეთოს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს დაკარგავს და ბიუჯეტიდან მოპარული თანხების უკან დაბრუნებაც მოუწევს.

რა ოდენობის თანხა მოიპარეს „ოცნების“ ჩინოსნებმა, რატომ არ შეხედავენ საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას სერიოზულად ვაშინგტონში, ვინ არის ხელისუფლებიდან მორალთან მწყრალად და ვინ უნდა დასაჯოს ამის გამო ივანიშვილმა, რატომ დადგა „ნაციონალების“ გვერდით, ვის გამოც 9 წელი ქვეყნიდან იყო გადახვეწილი? – ამ თემებზე „თაიმერს“ გიგლა ბარამიძე ესაუბრემა.

– ბატონო გიგლა, ოპოზიციამ, ბაღდათში დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის გამო, საპროტესტო აქციების სერია ერთი დღით გვიან დაიწყო, თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ ოპოზიციას აქცია არ უნდა გადაედო.

– როგორ არ უნდა გადაედო. ბაღდათში ისეთი შემზარავი ამბავი მოხდა, რომ ჩვენ აქციას ვერ ჩავატარებდით – ფეხმძიმე დედა, ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცოცხლად დაიწვა. თბილისის მერი ერთ სკამში 12 000 ლარის გადახდას აპირებდა, ოპოზიციას ტენდერი რომ არ ჩაეშალა  და ამ დროს 4-შვილიან ოჯახს ფიცრული სახლიც კი ვერ აუშენეს, რომ ელემენტარული პირობები ჰქონოდა და ცოცხლად არ ამომწვარიყო.

– სახლის გაკეთებას ვინ ჩივის, ამ სიღატაკეში მცხოვრები ოჯახისთვის 3 თვე სოციალური დახმარებაც მოხსნილი ჰქონდათ. თავად კი ამბობენ, დახმარება მხოლოდ შეჩერებული იყოო, მაგრამ სამი თვე მშიერი რომ იყო ოთხი ბავშვი, ეს ვითომ არაფერი?!

– ესაა თახსირობა, მეტი კი არაფერი! „ქართული ოცნება“ ხომ აღარ არის ხელისუფლება. ეს გახლავთ სექტად ქცეული, ხაზინაწაპნია ადამიანების გაერთიანება. ისინი არსაიდან არიან მოსულები და კულაკის ფსიქიკა აქვთ – სანამ შერჩებათ ყველაფერი, უნდა ჩაიდონ ჯიბეში. ერთი მილიარდერის ზურგს ამოფარებულები, ჯერ ისევ კარგად ახერხებენ მოქაფვას. აი, სადაა სახელმწიფო მოფამფალებული და აი, სად იწყება ჩვენი პროტესტი. სახელმწიფო რომ მოფამფალებულია, ამიტომ ვართ ამდენი განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტია ერთად. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ჩინოვნიკები კორუმპირებულნი აღარ იქნებიან.

ეს არსაიდან მოსული ხალხი ივანიშვილმა მოიყვანა და დადო. თავად მან სახელმწიფო ინსტიტუტების მართვა არ იცის და არც აინტერესებს. ის სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, სვამს კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ თანამდებობაზე. შემდეგ, იმ სამინისტროში აღარ იხედება. ამიტომ სამინისტროები,  დეპარტამენტები, მერიები, სსიპები და აიპები ყირაზე გადადიან. იქ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ამატებენ ახალ-ახალ შტატებს, ჭამენ ბიუჯეტს. თანაშემწეების და პიარის მთელი არმია ჰყავთ მაღალჩინოსნებს, ამ დროს საქმე არ კეთდება. ელემენტარულად თათბირებიც კი არ ტარდება.  მოკლედ, მიშვებული არიან საძოვარზე და ძოვენ ბიუჯეტს!

გამუდმებით გვესმის, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა. სახელმწიფო აპარატი რომ შეამცირო, 40-45%-ით საქმე არ გაფუჭდება. ეს 40-45% ბალასტია, რომელიც, სულ მცირე, 2ათასიან ხელფასებს ღებულობს. ემსახურება სახელმწიფო მანქანები, ეძლევა საწვავის და სამივლინებო თანხები. 70%-ით რომ შეამცირო სსიპების და აიპების შტატები, ქვეყანას არაფერი დააკლდება, პირიქით, მოემატება. ამ ბალასტზე დაზოგილი თანხა მილიარდ ლარამდე ადის. თუ ამას ანტიკორუფციულ ქმედებებს დავუმატებთ, ძალიან დიდ შეღავათს ნახავს ბიუჯეტი.

– ანტიკორუფციულ ქმედებაში რას გულისხმობთ, ბატონო გიგლა?

– მონდომება თუ იქნა, ანტიკორუფციული ქმედებებით ბიუჯეტისთვის 1.5 მილიარდის დაბრუნება შეიძლება. ეს თანხა ჩინოვნიკებმა წაიღეს და ხალხის ფულით უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს! ბიუჯეტიდან მოპარულ ზუსტ თანხებზე სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ უხეში გათვლებით, ასე იქნება. კორუფციას თუ შევზღუდავთ და გაბერილ შტატებს შევამცირებთ, ბიუჯეტს 2.5 მილიარდი ლარი დაემატება. ამით თანხით კი უამრავი რამის გაკეთბა შეიძლება.

– მოდით, ოპოზიციის საქმიანობაზეც ვისაუბროთ. კარგა ხანია, სხვადასხვა მსოფლმხედველობის ოპოზიციური პარტია ერთად ხართ. ამის მიზეზი არაერთხელ განიმარტა, მაგრამ მაინც მიკვირს, პირადად თქვენ როგორ დგახართ „ნაციონალების“ გვერდით? თქვენ ის ადამიანიხართ, ვინც „ნაციონალების“ მიერ 9 წელი უსამართლოდ იდევნებოდით. 2004 წელს, მოგიწიათ საქართველოდან წასვლა და 2013 წელსღა დაბრუნდით. ამ წლებში უამრავი სიძნელე გადაიტანეთ. მოკლედ, არ გიჭირთ „ნაციონალებთან“ ერთად დგომა?

– ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ტახტის ლომებადაა გადაქცეული. ცალ ხელში ყავის ჭიქა ან ბუტერბროდი უჭირავს, მეორით კლავიატურაზე აკაკუნებს და მხოლოდ სეირს ელოდება, სხვა არაფერი აინტერესებს!  ასეთი ადამიანების გასაგონად ვიტყვი, რომ ოპოზიციური ერთობა არ გახლავთ გაერთიანება. ეს ერთი პოლიტიკური საკითხის გარშემო ოპოზიციური სპექტრის ერთიანობაა. ეს ერთი საკითხი სახელმწიფო ინტერესების ალფა და ომეგაა. საარჩევნო სისტემა თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოვა. ამაზე საქართველოში ყველა თანხმდება!

არც მე და არც ჩემს თანაპარტიელებს არ გვიხარია „ნაციონალების“ გვერდით დგომა. ჩვენ მათგან ბევრი ცუდი გვახსოვს. ამის მიუხედავად, დავივიწყეთ პირადი წყენები და საარჩევნო სისტემის შესაცვლელად დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად იქ დავდექით, სადაც ნაციონალებიც არიან. ჩვენს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე – საერთო, მაგრამ ქვეყნის მომავალს ჩვენი ერთად დგომა სჭირდება.  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ რაღაც დაივიწყა. როცა სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მახინჯი სისტემა შეიცვლება, ყველა საქმე სამართლიანმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს და მან, ვინც დამნაშავეა, პასუხიც აგოს.

გახრწნის მიღმა გადასულმა „ქართულ ოცნებამ“ რომ არ ისარგებლოს ოპოზიციის სისუსტით და აღარ იყოს წარმმართველი, ყველასთან ვთანამშრომლობთ. „ქართული ოცნება“ არჩევებზე ხმებს თუ აიღებს, დარჩეს პოლიტიკაში, მაგრამ ქვეყნის მართვის უფლება აღარ უნდა მივცეთ. ქვეყნაში სიტუაცია რომ შეიცვალოს, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ამას ოპოზიცია მხოლოდ ერთიანობით მიაღწევს.  ამას გეუბნებათ კაცი, რომლემაც პოლიტიკური დევნილობის გამო მამა ვერ გააცილა უკანასკნელ გზაზე.  არ არის ჩემთვის იოლი მათთან დგომა, მაგრამ ასე თუ არ დავდექით, ქვეყანის მართვა ისევ რეჟიმების მიერ გაგრძელდება! დაქსაქსულები თუ ვიქნებით, ერთპარტიული მმართველობა არ დაიშლება. მორჩა, ერთი პარტია აღარ უნდა მართავდეს ქვეყანას!

– საერთაშორისო რეაქციბზე რას იტყვით? უცხოეთიდან მოსული წერილები ძალიან მწვავეა. ამაზე „მეოცნებეთა“ რეაქციები ლოგიკას ექვემდებარება?

– სანამ ევროპელებისა და ამერიკელების განხადებებს შევაფასებდე, მინდა, ჩვენი პარტიის პოზიციის შესახებ გითხრათ: „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ ყველაფერზე წინ ქართველი ხალხის განწყობას და დამოკიდებულებას ვაყენებთ. ჩვენ სულ ვცდილობთ, ხალხთან ახლოს ვიყოთ და ამიტომაც ვიცით მისი განწყობა. ხალხი პროპორციულ არჩევნებს უჭერს მხარს. ამასთან,  დიდი მნიშვნელობა იმასაც ენიჭება, თუ რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ევროპული სტრუქტურები, სენატი, კონგრესი – ყველა ერთხმად ამბობს, რომ საქართველო გაიყინა და დემოკრატიის კუთხით უკან დგამს ნაბიჯებს.  აქამდე დასავლეთში არასდროს უხსენებიათ ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი. ახლა კი ასე მოიხსენიებენ. აქამდე ამდენი არასოდე ულაპარაკიათ იმაზე, რომ აქ საშინელი კორუფციაა და მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. იცით, ეს რისი მანიშნებელია? – სახელწმიფომ ავტორიტეტი საერთოდ დაკარგა!

ამ სერიოზულ კრიტიკას „ქართული ოცნების“ ის სახეები პასუხობენ, რომლებიც „ტო“-ით და „ჩემი დედათი“ ლაპარაკობენ.  ამ შეფასებებშიც იტყუება „ქართული ოცნება“. ხალხს ეუბნება, დასავლეთს საქართველოში არსებულ ვითარებაზე სრული ინფორმაცია არა აქვთო. თქვე ბეცებო, რას ნიშნავს, ინფორმაცია არ აქვთ? აშშ-ის საელჩომ ის იცის, ჯიბეში რა გიდევთ, ან რომელ დღეს რომელ საყვარელთან დადიხართ და ის არ ეცოდინება, ქვეყანაში რა ხდება?  თუ მართლა არ აქვთ ინფორმაციები, ესაც „ოცნების“ ბრალია. ამდენს რომ დადიან საზღვარგარეთ, მიაწოდონ ინფორმაცია, მაგრამ ვის მიაწვდიან, როცა სასტუმროებში კოტრიალობენ და ოფიციალური შეხვედრების ნაცვლად, საყიდლებზე დადიან.

ეს უტიფრები საქართველოს მოსახლეობას უმტკიცებენ, კონგრესმენი კიზინგერი და სხვები კონკრეტული კომპანიის ლობისტები არიანო. თქვე უსირცხვილოებო, კიზინგერი ის ადამიანია, რომელიც კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდა, რომ აშშ-ს საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერა მიეღო.  საქმე საქმზე რომ მიდგება, ტრაბახობენ, ჩვენი მმართველობის დროს მიიღეს ეს დოკუმერნტიო. იმას კი აღარ ამბობენ, რომ კიზინგერი იყო ამ დოკუმენტის შემდგენელი.

ძალიან სასაცილოები არიან, როცა ჰგონიათ, რომ კონგრესმენებს ლობისტების ძახილით  დაამცირებენ. თქვე პოლიტიკურო ჩაჩნებო, ლობიზმი აშშ-ში კანონითაა დაშვებული. ყველა რაღაც მიმართულებას უწევს ლობირებას! თქვენც მიიღეთ კანონი ლობისტობის შესახებ და გახდით ლობისტები!

– კანონის მიღება რად უნდათ, ისედაც მშვენივრად ლობირებენ თავიანთ და ნათესავების ბიზნესებს!

– ლობისტობა უნდათ, მაგრამ კანონის მიღება – არა. ასეთი კანონის არსებობის შემთხვევაში ოფიციალურად გავიგებდით, რომელი ჩინოსანი ვის ლობირებს. ამათ სულელურ განცხადებებზე ვსაუბრობთ და ამერიკელებთან თავს იმით იმართლებენ, ჩვენ კი გვინდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ პარტიაში ყველამ არ დაგვიჭირა მხარიო. რამდენიმე დეპუტატი, როგორც ამბოხებული, ისე წარმოაჩინეს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებიდან ძალიან მალე ეს ადამიანები საპარალმენტო კომიტეტების თავმჯდომარეებად დაინიშნეს. ამით ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილისგან ჰქონდათ დავალებული, ჩააგდეთ ეს საკითხიო. ახლა სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენ – ამ კანონის მიღებას ვაპირებდით, მაგრამ როცა ოპოზიციამ პიკეტირება დაიწყო, მივხვდით, რომ პროპორციული სისტემა წამგებიანიაო.

ამდენ სისულელეს რომ იტყვი და მერე, ამერიკელებთან მოსალაპარაკებლად კომოს ტბისწყალდალეულ მატყუარას გაუშვებ, რომელსაც თავი პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია, რაღა უნდა გელაპარაკო?! ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ოცნებას“ ქვეყნის მართვის თავი არ აქვს, თორემ მოპარვა ისევ კარგად შეუძლია! ყველაფერს აიტანენ, ოღონდ სასახლეებში იცხოვრონ და აუზებში შეძლონ წყლის ჩასხმა.

იმ პარლამენტის რა ვთქვი, ასეთი თავმჯდომარე რომ ეყოლება. ან მოსახლეობა როგორ ეგუება ასეთ ჩინოსნებს?! ყველა პოლიტიკაზე საუბრობს. ნეტავ, არ რცხვენიათ ასეთი საშინელი ხალხი რომ ზის მაღალ თანადებობაზე?  არსაიდან მოსულები დააჯდნენ თავზე ხალხს და ქვეყანას! იმ დროს, როცა „ნაციონალების“ რეჟიმს ვებრძოდით, ესენი სახლებში იყვნენ!

– თალაკვაძე სახლში არ იყო – „ნაციონალების“ მოწინავეთა რიგებში იდგა.

– თალაკვაძე „ნაციონალების“ ბუჩქებში იჯდა. ჩიჩილაკად წოდებული პარლამენტის ყოფილი სპიკერი ლო ვის კალთას იყო ამოფარებული, არავინ იცის. ან პრემიერებად რომ ინიშნებიან, ისინი სად იყვნენ?

– ბახტაძე „ნაციონალების“ დამფონანსებელი იყო, გახარიაც არ იქნებოდა მათი უმადური – საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა.

– ყველა, ვინც დღეს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზეა, „ნაციონალების“ კადრია. ის კი, ვინც რეჟიმს ებრძოდა, ან მკვდარია, ან ქუჩაში დგას. რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტიის წევრი გარდაიცვალა, რომელმაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო.

იმაზე დიდი თავლაფდასხმა რა უნდა დაგვემართოს, რომ თალაკვაძე კობზონას უშვებენ ამერიკელებთან დასალაპარაკებლად. აღარაფერს ვამბობ მაღალი თანამდებობის პირების მორალურ ქმედებებზე. მივმართავ ქვეყნის რეალურ მმართველს: თუ არ იცი ივანიშვილო, როგორ არცხვენენ თანამდებობის პირის სახელს, ძალიან ცუდია, მაგრამ თუ იცი და არაფერს ეუბნები, კიდევ უარესი! კარგად ხვდებით, ბატონო ბიძინა, ვისზეც მოგახსენებთ. იმედია, რამე ზომებს მიიღებთ. ოპოზიცია ჯერ არაფერს ვამბობთ, მაგრამ თუ არაფერს იღონებთ, უკვე ჩვენ ვამხელთ მათ ამორალურ ქმედებაში! ასეთ რამეს მაღალი თანამდებობის პირებს არცერთ ქვეყანაში არ პატიობენ!

– რას გულისხმობთ?

– ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. გამგები, მათ შორის, ივანიშვილიც გაიგებს.

შორენა მარსაგიშვილი

 

banner
წინა სტატიაშისოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას აპირებს