ოპოზიცია კიდევ ერთ დოკუმენტს ასაჯაროვებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბების მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიციას გააჩნია კიდევ ერთი დოკუმენტაცია, რომელიც თამარ ჟვანიას მითითებით, ცესკოს კიდევ ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ეხება. ვაშაძის ინფორმაციით, კომისიის დამოუკიდებელ წევრებს, პირდაპირ ეძლევათ მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ჩვენ მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონგარეშე ქმედებას, კანონის საწინააღმდეგო მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ, პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს და შეგახსენებთ, რომ მათ 63 ცოლი დანიშნეს ამ კომისიებში. ამ მითითებაში პირდაპირ ეუბნებიან – იმ მოთხოვნაზე, რაც დააყენეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ გასაუბრება მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული, დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან, ვციტირებ: „თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე. კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს. თუ ვინმეს ეს მოუნდება, სხვაგან გაესაუბრონ“. ანუ აუკრძალეს კიდეც საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებში შეშვება ამ კანდიდატების გასაუბრებისთვის. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ, „მესიჯბოქს“ აძლევენ ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს, რა განცხადება და განმარტება უნდა გააკეთონ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. მინდა მივმართო თამარ ჟვანიას – ის, რასაც თქვენ აკეთებთ ქალბატონო თამარ, ეს არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ თქვენი ყველა დანაშაულებრივი ქმედება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მიმართავს.

„მივმართავ ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ წუთებში იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც აპირებენ ამ ინსტრუქციის შესრულებას. ნუ დაემორჩილებით ამ კანონგარეშე ქმედებას, ნუ გახდებით თამარ ჟვანიას მიერ შექმნილი საარჩევნო გაყალბების მექანიზმის თანამონაწილე, რომელსაც „ქართული ოცნების“ დავალებით აყალიბებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადააყენა, გავრცელებულ ვიდეოზე კი აცხადებს, რომ ჩანაწერი გამოითხოვეს, თუმცა არ მიუღიათ
შემდეგი სტატიარეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს-შენგელაიას კანდიდატურა ცესკოში წარდგენილია