ოპოზიცია გახარიას ეფლირტავება

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. საარჩევნო კამპანიის დაწყებას არავინ ჩქარობს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არჩევნები პოზიციასაც ფეხებზე ჰკიდია და ოპოზიციასაც. ერთადერთი ძალა, ვინც არჩევნებისთვის ემზადება გახარიას პარტიაა. ყოფილმა პრემიერმა ნახევარი საქართველო უკვე შემოიარა, დარჩენილსაც აგვისტოში ჩამოუქროლებს.

აქამდე ის ხელისუფლების კრიტიკისგან თავს იკავებდა. ახლა მწვავე განცხადებების გაკეთებას აღარ ერიდება. აკრიტიკებს ოპოზიციასაც. ოპოზიცია მის კრიტიკაზე ლაითად რეაგირებს. ტრადიციულ შტურმს აღარ ახორციელებენ მასზე. დიდი ხანია მისთვის 20 ივნისიც კი არ შეუხსენებიათ. მეტიც, ზოგიერთი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ახლა გახარიას ფაქტორი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი მასთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს. ყოფილ პრემიერს შიკრიკებს უგზავნიან – ვითანამშრომლოთო. შიკრიკებს პრემიერყოფილს მეოცნებეებიც უგზავნიან. მმართველ გუნდში მუსირებს აზრი, რომ გახარია ივანიშვილის ახალი დასაყრდენია მედროვეებს კი უყვართ პერსპექტიულ ხალხთან მიწებება.

გახარიას შანსები ნამდვილად აქვს. ამას ვერც პოზიცია უარყოფს და ვერც ოპოზიცია. მმართველმა პარტიამ ერთი პერიოდი შეუტია ყოფილ პრემიერს ივანიშვილმა ისეთი წერილი დაწერა, ყველა ელოდა რომ მას დააკავებდნენ. დაკავება არ მოხდა. ირაკლი კობახიძემ და კიდევ რამდენიმე მისმა მიმდევარმა ყოფილი პრემიერი შეაჩვენეს და მალევე გაყუჩდნენ. გახარიამ ან ივანიშვილთან დაალაგა, ანდა რაღაცების გამოფენით დაემუქრა მათ. მოსაყოლი ნამდვილად აქვს. საჭირო თუ გახდება, მოჰყვება კიდევაც.

ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ხელისუფლება ბიზნესში ერეოდა და პოლიციას ხალხის წინააღმდეგ იყენებდაო. მთავრობის წევრი სანამ გახდებოდა, ბიზნესომბუდსმენი იყო და ბიზნესის დატერორებაზე ბევრი მასალა ექნება. პოლიციის გამოყენებაზეც ბევრი ფაქტის გასაჯაროება შეუძლია. თითქმის ორი წელი შს მინისტრი იყო. საინტერესოა, პოლიციის გამოყენების კუთხით თავის ცოდვებზეც თუ გვიამბობს. მაგალითად თუ გაამხელს როგორ გადაწყდა შვილის საფლავიდან მომავალი კობა კოშაძისთვის იარაღის ჩადება.

banner
წინა სტატიაში120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები უწყვეტად მიიღებენ ფულად სოციალურ დახმარებას
შემდეგი სტატიააშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ