ოპოზიცია: “ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ივანიშვილის პირადი, მორიგი ახირება”

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ სჯერათ, რომ “ოცნებამ” კორუფციასთან ბრძოლა რეალურად დაიწყო. ივანიშვილის გუნდის ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ კორუფციის სათავე თავად ივანიშვილია და არსებობს არაერთი კითხვა, რომელზეც პასუხებითაც “ოცნება” ჯერ ისევ არ ინტერესდება.

“ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ივანიშვილის პირადი მორიგი ახირება. მან ჩაფლა ქვეყანა კორუფციაში, რომელმაც ადამიანები შეიწირა და ადამიანები მოკლა. გავიხსენოთ ის ხიდი, რომლითაც ფული მოიპარეს, გავიხსენოთ ის სადენები, კალაძემ რომ გააკეთა და  პასუხისმგებლობა რომ არ აიღიო სიკვდილზე ადამიანის და ზოგადად, კალაძე დამნაშავეა, იმიტომ, რომ კალაძე რომ ამბობს, რომ მე არაფერი ვიცოდი, ბაღის სააგენტოს უფროსი ლილუაშვილთან ერთად რომ ჰპარავდა ბავშვებს “გრეჩიხის” და ფაფის ფულს და 30 ათასი ადამიანიდან მე როგორ უნდა გამეგო, ვინ რას აკეთებდა, მე შევახსენებ, რომ ამ 30 ათასი ადამიანიდან მან გამოხშირა ადამიანები, ვინც აქ დადიოდნენ და სამსახურიდან გაყარა, – ამბობს ხატია დეკანოიძე. 

“ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის, რასაც უკვე თავად “ოცნების” წევრებიც აღიარებენ. ამის მიუხედავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რეალურად არავინ დაისჯება, რადგან მისი თქმით, “ქართული ოცნება” ქართულ ოცნებასვე” არ დასჯის.

“ასეთი მასშტაბი არ ჰქონია კორუფციას როგორც ყველაზემცირე რგოლებში, ასევე უმაღლესი ეშელონების დონეზე. თვითონვე მოახდინეს ლუსტრაცია, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ყოფილი სუსის უფროსი, ყოფილი მთავარი პროკურორი არიან მხილებულები, ისევე, როგორც მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში არის უსამართლობა, არის კორუფცია აყვავებული, თუმცა რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს, იმიტომ, რომ სათავე ამ ყველაფრის არის თითონ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” “ქართულ ოცნებას” ვერ გაასამართლებს, – ამბობს გიორგი სიორიძე.  

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიგა ლემონჯავა დარწმუნებულია, რომ საქმე არა კორუფციასთან რეალურ ბრძოლასთან გვაქვს, არამედ “ოცნებას” სურს, ექსმაღალჩინოსნების დაკავებებით ქიმიური იარაღის სკანდალი გადაფაროს.

“მაშინ, როცა ივანიშვილი დე ფაქტო მართავს ქვეყანას, კალაძე არის დე ფაქტო ქალაქის მერი, კობახიძე არის არალეგიტიმური დე ფაქტო პრემიერი, მდინარაძე არის დე ფაქტო სუსის უფროსი, ესენი არიან ყველაზე უფრო კორუმპირებული ადამიანები. არავინ არ დაიჯერებს, რომ ვინმე ამ ქვეყანაში ებრძვის კორუფციას. სინამდვილეში, ერთადერთი ამოცანა, რაც ივანიშვილს აქვს, არის, რომ ქიმიური იარაღით საკუთარი მოსახლეობის მოწამვლის საკითხი გადაფაროს რამე სხვა საკითხით და ლილუაშვილის დაკავებაც არის ამ პროპაგანდისტული დღის წესრიგის ნაწილი, – ამბობს გიგა ლემონჯავა.  

banner
წინა სტატიაშიფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგელათის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი უკვე მეექვსე ზამთარია სახურავის გარეშეა