ოპოზიცია ერთიანია, რომ პროპორციული სისტემა ყველაზე სამართლიანია, პრეზიდენტის არჩევის წესი კი, პირდაპირი იყო

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მაგრამ საბოლოოდ, გამოიტანა სრულიად სხვა გადაწყვეტილება, რამაც აღაშფოთა, როგორც ქართული საზოგადოება, ისე ვენეციის კომისია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ გადაუგზავნიან მმართველ გუნდს შენიშვნებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მთავარი მოთხოვნაა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამაში მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე უფრო სამართლიანი პროპორციული სისტემაა. „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ შეცვლიდა ამას, მაგრამ თვეების განმავლობაში ატყუებდა, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას და საბოლოოდ, გამოიტანა სრულიად სხვა გადაწყვეტილება, რამაც აღაშფოთა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ვენეციის კომისია და ჩვენი პარტნიორები.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე ყველას მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ყოფილიყო პირდაპირი. რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ისე, რომ საქართველოში არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არჩევითი არ იქნება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობით გადაგზავნა სთხოვეს.

წყარო: WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილს არ აქვს ინფორმაცია, კვლავ იქნება თუ არა წარდგენილი დედაქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელად
შემდეგი სტატია,,ის, რომ მღებრიშვილი გააბაიბურეს რუსმა პრანკერებმა, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყონ”