ოპოზიცია ეჭვობს, რომ “გაზპრომი” ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კაბალურ ხელშეკურლებაზე დაიყოლიოს

“გაზპრომთან” ხელშეკრულება – ოპოზიცია ეჭვობს, რომ “გაზპრომი” ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კაბალურ ხელშეკურლებაზე დაიყოლიოს, რის გამოც ხელის მოწერა ამ დრომდე ჭიანურდება.

ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დათმობაზე არ წავიდეს და ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პირობები დააყენოს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველო რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, დეპუტატი ხელისუფლებას ტრანზიტის პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ არაფრით არ ვართ დაკავშირებული უკვე რუსეთთან და ვერ მოგვატყუებენ, რომ რუსული გაზის გარეშე საქართველოს მოსახლეობა გაგვეყინება ზამთარში, ეს დემაგოგიური ხერხები ვერ გაჭრის. ჩვენ არაფრით არ ვართ დამოკიდებულ რუსულ გაზზე და პირობებს ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ, როგორც ამ მილსადენის მქონე ქვეყანა და არა რუსეთი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხელისუფლებას “გაზპრომთან” გასულ წელს დადებული ხელშეკრულების პირობების გამო, საპარლამენტო უმცირესობის მდივანი და ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ირაკლი აბესაძე აკრიტიკებს .

დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის შეთავაზებულ პირობას დათანხმდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ 2017 წელს “გაზპრომთან” მოლაპარაკებისას უკვე გადადგა ქვეყნის ინტერესების, პირველ რიგში, ეკონომიკური ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებელი ნაბიჯი, როდესაც უარი თქვა გარანტირებული გაზის მოცულობაზე, რომელსაც იღებდა ხელისუფლება სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ და ამის ნაცვლად, დათანხმდა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პირობას, ფასის გადახდის სანაცვლოდ გვეყიდა რუსეთისგან… ყველაზე საინტერესოა, რომ დღემდე ეს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელშეკრულება დეპუტატებისთვისაც კი არის უცნობი,“ – აცხადებს აბესაძე.

“გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შესახებ კონკრეტული განცხადება დღეს პრემიერმა არ გააკეთა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას გააგრძელებს, თუმცა, არ დააკონკრეტა, როდის დაიდება ახალი ხელშეკრულება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები სამსახურში დააკავეს