“ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ისინი არიან პროდასავლურები და ჩვენ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიგვყავს”

„ჩვენ ოპოზიციას ვპასუხობთ ჩვენი გაკეთებული საქმით და ფაქტებით. ეს ფაქტები ჯიუტია. თუნდაც მარტივი შედარება რომ მოვახდინოთ, 2008-დან 2012 წლამდე უშიშროების საბჭოს ფორმატი არასდროს ყოფილა გამოყენებული, მაშინ როდესაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ უშიშროების საბჭოს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, როგორც მუდმივმოქმედი წევრი, ბლოკავს საქართველოს თემატიკის განხილვას, ჩვენ ვახერხებთ და ამ უმაღლესი ტრიბუნის ფორმატში მუდმივად შეგვაქვს საქართველოს თემატიკა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, თუნდაც ის უამრავი რეზოლუცია, ეუთო-ს ფორმატები, რომელიც ასევე არ იყო გამოყენებული ეფექტიანად და განცხადებები, რომელიც საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ფორმატშია მიღებული, თუნდაც წლევანდელი უპრეცედენტო განცხადება – გასული, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება. ეს არის კონკრეტული ფაქტები, შედეგებით ვმსჯელობთ ჩვენ და რასაც ოპოზიცია მიმართავს, ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები და ცდილობს წარმოადგინოს ნარატივი, რომ თითქოს ისინი არიან პროდასავლურები და ჩვენ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიგვყავს. ამ დროს ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულზე მეტყველებს.

ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი. როდესაც მათ ჩვენი პარტნიორების განცხადებები არ მოსწონთ, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიციას, გერმანიის ელჩის პოზიციას, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციას, მაშინ როდესაც ეს მათ ინტერესებს და მათ პოზიციას არ ემთხვევა. ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი, როდესაც ისინი მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა – ქვეყნის ინტერესებიდან.

ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების მკაფიო განცხადება, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, რომლის ოპოზიციაც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და ეს არ არის დასავლური, ეს არ არის დემოკრატიული. ამიტომ მგონი საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიოა, ისინი ხედავენ ჩვენს ნაბიჯებს, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და მეორე მხარეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედება, რაც პირველ რიგში, ქვეყნისთვის საზიანოა. ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჯაღირაში ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 იანვრისთვის – დოლარი – 3.3001 ლარი, ევრო – 4.0713 ლარი, ფუნტი – 4.5102 ლარი