საქართველოს პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
ახალი რეგულაციებით წესრიგდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შემოდის ონლაინ სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ცნებები და მათთვის შესაბამისი სანებართვო რეჟიმი წესდება.
ცვლილებების თანახმად, ზუსტად განისაზღვრება აღნიშნული ნებართვების გაცემის პირობები, მოქმედების ვადა, სანებართვო მოთხოვნები და საქმიანობის კონტროლის მექანიზმები.
კანონპროექტით მკაცრად დგინდება, რომ საერთაშორისო ორგანიზების ფარგლებში გამართულ ონლაინ თამაშობებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დაუშვებელია.















