საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს, რომელშიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეს განიხილავენ, ერთ-ერთმა დაკავებულმა ონისე ცხადაძემ სიტყვა წარმოთქვა, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
🗣️ ონისე ცხადაძის სიტყვა:
💬 „მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმ ასაკში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი.
პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია… სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო…
ვიდეოც არსებობს – სერიული მკვლელია, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ, როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი.
ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.
მოვა დრო მოსამართლიდან დაწყებული, იქ რომ ბიჭი ზის [სხდომის მდივანი – რ.თ.] და ჰგონია არაფერ შუაშია, პასუხს აგებთ. იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ.
გინდათ მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაჩემი?
ციხეში გავიგე, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს…
რომელიმე არ ფიქრობთ ამაზე?
ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?!
ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს, ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა…
ეს რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა. ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს… ამათმა [პროკურორები – რ.თ.] ეს რა იციან“.
ამ დროს მოსამართლემ ონისე ცხადაძეს სიტყვა შეაწყვეტინა:
„მესმის, თქვენ რა მდგომარეობაში ხართ, ძალიან არ მინდა შეგაწყვეტინოთ, კორექტულობის ფარგლებში….“
ონისე ცხადაძე: „გესმით ჩემი?! მამათქვენი როგორ არის, ცოცხალი გყავთ მამა? ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება ისე როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ეს ქვეყანა მეცოდება, რომელიც ამოსათრევი გვეყოლება.
მე სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და ახლა კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ არ მეშინოდეს. ჩემზე ნუ იდარდებთ. ქვეყანას მივხედოთ, ეს თხოვნა მაქვს თქვენთვის მხოლოდ. ეს მინდოდა, რომ მეთქვა.”, – თქვა ონისე ცხადაძემ.