ომს არ ვაპირებთ. იმდენად უნდა დავნერგოთ ე.წ. სამშვიდობო ტრენდი, შერიგების, მშვიდობიანი განვითარების ტრენდი, რომ მომავალმა ხელისუფლებებმაც სხვანაირად ვერ და არ ილაპარაკონ, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს.
„ეს იქნება მთავარი გზავნილი ყოველთვის ჩვენი აფხაზი და ოსი დების, ძმების მიმართ, რომ საქართველო მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს, ტერიტორიებს და მშვიდობით გავერთიანდებით, მშვიდობით ვაპატიებთ ერთმანეთს იმას, რაც საპატიებელია წარსულიდან. პასუხს გავცემთ ყოველგვარ პროვოკაციას, რომელიც წამოვა ოკუპანტი ქვეყნიდან თუ ქართული რადიკალური, მავნებლური ოპოზიციიდან და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით კონკრეტულ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
„თქვენი აზრით, ჩვენი სახით ხომ პრორუსული ხელისუფლება გყავთ ამ ქვეყანაში, ხომ ასე მიგაჩნიათ და ლავროვი რომ აფხაზეთში ჩადის, ამის გამორიცხვა რატომ ვერ უზრუნველვყავით? საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ, თქვენ რომ ასე ატყუებთ საზოგადოებას, რატომ ვერ უზრუნველყო, რომ ყოველ მესამე დღეს არ იყოს ისეთი მესიჯები, რომელსაც გამოიყენებთ და საქართველოს ხელისუფლებას ამით არ დაესხმებით თავს? ესე იგი, ცოტა სხვანაირად არის საქმე. დღემდე რომ ბორდერიზაციას აგრძელებენ და ლავროვი, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთთან დაკავშირებით ასეთ პოზიციას ქმედებითაც და სიტყვიერადაც რომ ახმოვანებს, ეს ხომ ოკუპაციის თანმდევი მავნე შედეგებია. ამას ხომ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით და ჩართულობით უნდა ვებრძოლოთ. ამ დროს თქვენ საქართველოს ხელისუფლებას რუსულს უწოდებთ. ამაშია მთელი მავნებლობა იმ ნარატივის, რომელსაც ტყუილზე, ფარსზე დაყრდნობით ქართული ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.