რუსეთის სარდლობა პუტინს ხარკოვისა და სუმის ოლქებში მიღწეული წარმატებების შესახებ ატყუებს – ისინი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ კადრების შესაქმნელად.
ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, რუსი სამხედროები აგრძელებენ ვიდეოების ჩაწერას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისეთი კადრების შესაცვლელად ან შესაქმნელად, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უჭირავთ რუს ჯარისკაცებს დროშები იმ დასახლებებში, სადაც რუსული ძალები შესაძლოა მხოლოდ მცირე ხნით შევიდნენ.
ISW აღნიშნავს, რომ კრემლი ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების შესახებ ამ განცხადებებს იყენებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები, თითქოს რუსეთის ომი იმდენად წარმატებულად მიმდინარეობს, რომ დასავლეთმა უარი უნდა თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს ოდრადნე ხარკივის ოლქში. გარდა ამისა, წამოიწყეს კონტრშეტევები ნოვა სიჩის, მოჰრიციასა და პისარივკას მახლობლად, რითაც შეანელეს რუსების წინსვლა ამ ტერიტორიებზე.

















