მომდევნო ოთხი-ხუთი თვე ფრონტზე გადამწყვეტი იქნება და განსაზღვრავს პოზიციებს, რომლებთანაც ორივე მხარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს, – ამის შესახებ Reuters-ი უკრაინელ პირებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კიევი ყურადღებას ომის შესაძლო დასრულებაზე ამახვილებს.
„ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია… იმედი მაქვს, ომი დასასრულს უახლოვდება. სწორედ ახლა განვსაზღვრავთ ორივე მხარის პოზიციებს მოლაპარაკებებში“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
როგორც გამოცემა წერს, კერძოდ, უკრაინელები, ასევე, ელოდებიან ვის აირჩევს ტრამპი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საკვანძო პოზიციებზე, რათა გაარკვიონ, როგორი პოლიტიკა იქნება უკრაინის მიმართ. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ ტრამპის ახალ გუნდში არ იქნება ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში მიწვევა ტრამპის გამარჯვების შემდეგ „ნაკლებად სავარაუდოა“ და აღიარა, რომ ტრამპის დროს არსებობს სამხედრო დახმარების შემცირების რისკი.
„იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცდება თავიდან აიცილოს ეს რისკი, დახმარების ტემპის დაჩქარებით“ – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მედიის ცნობით, ამავდროულად, კიევი თითქმის არ მალავს თავის იმედგაცრუებას ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომლის ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად სუსტი და არასაკმარისი იყო, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
„თქვენ ხედავთ მზარდ იმედგაცრუებას ზელენსკის ბოლო განცხადებებში“, – დასძინა წყარომ.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა გამოთქვა სკეპტიციზმი, რომ ბაიდენი უკრაინას შესთავაზებს რაიმე მნიშვნელოვანს, როგორიცაა შორ მანძილზე დარტყმების შეზღუდვის მოხსნა.
„ვინ არის ახლა ბაიდენი? მან დაკარგა დიდი სანდოობა. იმედი მაქვს, რომ მას ექნება გამბედაობა, გააკეთოს რამე. მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.