ომი- ჩვენ, ჯარისკაცებს,  არც დაგვიწყია, არც წაგვიგია…

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა!

ომი- ჩვენ, ჯარისკაცებს,  არც დაგვიწყია, არც წაგვიგია…

და საერთოდ, ომი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გრძელდება!

1993 წლის ბრძოლები საქართველოს პრორუსულმა მთავრობამ წაგვაგებია თავისი მოღალატური ხელშეკრულებებით, მოლაპარაკებებით, ,,შერიგება”-მორიგება-გარიგებებით…

2008 წელს რუსეთმა განაახლა ომი, მაგრამ ვერ შესძლო საქართველოს დაპყრობა, მიზანი ვერ აისრულა. რაც ომით ვერ მიიღო, 2012 წელს ,,გაზპრომის”” ფულით მიაღწია რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელით.  საქართველო დღეს ,,ნამესტნიკის” ხელით იმართება. პუტინის ხელდასმული ,,პატარა ცახესის” მიერ რომელიც ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.  თვითონ და მისი გუნდი იმთავითვე არაეროვნული რიტორიკით გამოირჩეოდნენ, ადანაშაულებდნენ საქართველოს რუსეთ საქართველოს ომის დაწყებაში და ა.შ.

ამ დღეებში სასულიერო პირებმაც გამოხატეს ამ რიტორიკის გაგრძელებისადმი პროტესტი, დაგმეს ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ანტი ქართული გამონათქვამები. რაც მისასალმებელია. დედა ეკლესია გაჭირვების ჟამს ყოველთვის იდგა საქართველოსათვის პრინციპული საკითხების  სადარაჯოზე. ნაბიჯი გადადგმულია. ყველა, ვინც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, სამშობლოს მოღალატეა !

ვისაც საქართველოსთვის გიძგერთ გული, გთხოვთ 27 სექტემბერს  მიხვიდეთ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან და პატივი მიაგოთ მათ სულებს.

ასევე, გამოვხატოთ პროტესტი და ვთქვათ ჩვენი სიტყვა მოღალატე მთავრობის წინააღმდეგ!

ბიძინა ივანიშვილი და სხვა პოლიტიკოსები, წითელი ინტელიგენციის გველის წიწილები, რომელთათვისაც მზე ოკუპანტისგან ამოდის, არ მივუშვათ ჩვენი ძმების სპეტაკ ხსოვნასთან!  ხსოვნა და დიდება თქვენს სულებს სამშობლოს თავშეწირულო გმირებო!

მეამაყება ეს მცირედი-გმირების მემორიალი რომ ჩემი ინიციატივით გაკეთდა.

ჩემი ინფორმაციით,  ბიძინა ივანიშვილი, სუსი და სუსის აგენტურა, რომლებიც მუშაობენ რუსულ სპეცსამსახურებზე, მაქსიმალურად ეცდებიან ვეტერანების ერთობა, ძალა და ენერგია გადაიტანონ წვრილმან პრობლემებზე. შეეცდებიან  სმენა დაგვიტკბონ შეპირებებით  ვეტერანებისთვის ახალი კანონის მიღებაზე,  სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ჰოსპიტლის გახსნაზე და სხვა … შეპირებებით, რომელსაც თვითონ ყველაზე კარგად იციან, რომ სიტყვისთვის ამბობენ…

მე ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენთვის გასაგები მიზეზების გამო თქვენს გვერდით არ ვარ. ვფიქრობ, თქმაც არ უნდა  იმდენად ყველამ იცით როგორ მიყვარხართ და პატივს გცემთ თითეულს!

არჩევნების წინ ტრადიციად დამკვიდრდა, პოლიტიკანები, რომელთაც  ეზიზღებათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ომის გმირები, ვეტერანები,  მწუხარე სახით და ძვირფასი გვირგვინით საზოგადოების თვალში ქულების დასაწერად და ჩვენი გულის მოსაგებად მიდიან მემორიალთან… ვითომ ქედს იდრეკენ ადამიანები, რომელთაც  სამხედრო ვალიც კი არ მოუხდიათ სამშობლოს წინაშე.  არც მათ და არც ოჯახის წევრებს!  ლაქუცი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე იწყება. ან კიდევ ჭადრაკში, დომინოში შეჯიბრებებს  უორგანიზებენ…

შეურაცხყოფასაც გვაყენებენ, თითქოს იმდენად გონებაჩლუნგები ვართ, რომ გუშინდელი ქედმაღალი და შეუპოვარსახიანი გაქსუებული წურბელები არ გვახსოვს. რომლებიც თითს არ გაატოკებენ, ხმას არ ამოიღებენ ჩვენთვის. პირიქით, ბოლო ოცდაშვიდი  წელია ყველა საშუალებით და ფორმით ცდილობენ არ ვარსებობდეთ, მოგვსპონ.   გაგვანადგურონ უსახსრობით, უმუშევრობით, ავადმყოფობით, ელემენტარული საარსებო პირობების უქონლობით, ნარკოტიკის, იარაღის და ბოლო ბოლო წყალქვეშა ნავის ,,ჩადებით” და ა.შ.

ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ!

საქართველოში ბევრი  ჩვენზე უარეს დღეშია და ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერიან. რომ ძალოვანები, მებრძოლები, ომის ვეტერანები, სულით და ფიზიკურად გაუტეხელები, ჯერაც ჯანმაგარები ავიმაღლებთ ხმას, ვიბრძოლებთ… ბოლო ბოლო ბრძოლა ხომ ჩვენი ცხოვრებაა და არც ერთი ჩვენთაგანი არ ისურვებს ლოგინში,  დაუძლურებული მოკვდეს…

მაშ ასე, ჩვენი ბოლო და გამარჯვებით დასაგვირგვინებელ ბრძოლას გაუმარჯოს !

სწორედ ამ, საქართველოს ერთგული შვილებისათვის უბედურ დღეს, გამოვიდეთ ,,თეთრი ლაშქრის’’ წევრები და თავგანწირვით, რიხიანად  ვთქვათ  ჩვენი სათქმელი- რუსეთის ლაქიებს არ დავაცინიოთ ჩვენი ძმების სულებისთვის, ჩვენი  იდეებისთვის, მრწამსისთვის, ჩვენი განვლილი ბრძოლებსთვის !

სამშობლოს ვერავინ შეგვიცვლის, ის ერთადერთია ! – წერს გოგი თათუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია” – დავით სერგეენკოს პირველი კომენტარი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელა