„ომეგა ჯგუფი“ ტელეკომპანია „იმედს“ სიცრუეში ადანაშაულებს

„ომეგა ჯგუფისა“ და ტვ „იბერიას“ გარშემო შემქნილ ვითარებას „ტელეიმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იდენტური მესიჯბოქსებითა და ხელწერით აშუქებენ,“ – ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა.

„ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე ტელეარხის სარედაქციო მიმართულების კრიტიკა, მაგრამ ვალდებულნი ვართ, პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს, რომელმაც „იმედზე“ გასულ სიუჟეტში გაიჟღერა. სიუჟეტში ითქვა, რომ საქალაქო სასამართლომ კი აღიარა „ომეგა ჯგუფის“ ზარალი, მაგრამ არავისთვის დაუკისრებია კომპენსაციის ანაზღაურება. აღვნიშნავთ, რომ ეს ტყუილია.

საქალაქო სასამართლომ აღიარა „ომეგა ჯგიფის“ ზიანი და ზიანის – 100 მილიონის დოლარის ანაზღაურება სწორედ „ბრიტიშ ამერიკან თობაქოს“ დააკისრა. სიუჟეტში ისიც ითქვა, რომ უზენაესმა სასამართლომ ჩვენი სარჩელი დაუშვებლად სცნო, მაგრამ ესეც ტყუილია, რადგან უზენაესმა სასამართლომ ჩვენი სარჩელი დასაშვებად სცნო, მიიღო წარმოებაში და განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა.

სიუჟეტში გაჟღერდა, ასევე, გამოგონილი ფაქტი, რომ თითქოს ორიოდ წლის წინ სასამართლომ „ფილიპ მორისს“ „ომეგას“ სასარგბელოდ 70 მილიონის კომპენსაცია დააკისრა. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად, ვთვლით, რომ ეს „ტელეიმედის“ ფანტაზიის ნაყოფია.

სიუჟეტში „ბრიტიშ ამერიკან თობაქოს“ წარმომადგენელი ცინიკური ღიმილით აცხადებდა, რომ „ომეგა ჯგუფს“ უკავია შესაბამისი ბაზრის 5 პროცენტი და 100-მილიონიანი კომპენსაციის მოთხოვნა აბსურდული და წარმოუდგენელია. „ტელეიმედს“ რომ ჰქონოდა ობიექტურობის მცირეოდენი განზრახვა მაინც, აუცილებლად დაისმეოდა შეითხვა – რატომ ან რის შემდეგ შემცირდა „ომეგა ჯგუფის“ ბაზრის წილი ასე საგრძნობლად.

ცნობისათვის: „ბრიტიშ ამერიკან თობაქოს“ მტაცებლური ფასებისა და კონკურენციის შემზღუდველი სხვა ქმედებების დაწყებამდე, რომლებიც დღესაც გრძელდება, ჩვენი ბაზრის წილი 25 პროცენტს შეადგენდა. სწორედ „ბრიტიშ ამერიკან თობაქოს“ უკანონო ქმედებების შედეგად შემცირდა ჩვენი ბაზრის წილი. ასევე, საგრძნობლად შემცირდა ზოგადად,ადგილობრივი წარმოების წილი საქართველოს ბაზარზე, რაც „ბრიტიშ ამერიკან თობაქოს“ მიზანს წარმოადგენდა.

„ომეგა ჯგუფის“ სასამართლო დავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სწორედ ბაზრის შემცირება, რაც „ბრიტიშ ამერიკან თობაქოს“ ქმედებებით იყო განპირობებული.

ბოლოს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტვ „იბერიას“ გარშემო შექმნილ ვითარებას „ტელეიმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იდენტური მესიჯბიქსებითა და ხელწერით აშუქებენ.

მათ, ვინც იციან, შევახსენებთ, ხოლო მათ, ვისთვისაც ცნობილი არაა, გვსურს განვმარტოთ, რომ „ტელეიმედი“ ის ტელეკომპანიაა, რომლის მფლობელობაშიც აღმოჩნდა 2004 წელს „იბერიას“ ძალით წართმეული სამაუწყებლო ლიცენზია. მაშინ, როდესაც „ტელეიმედი“ ამჟამინდელ მფლობელებს დაუბრუნდათ, თუმცა თავის დროზე ზეწოლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ახლანდელ მეპატრონეებს არც კი მოსვლიათ აზრად, ზეწოლის მსხვერპლი „იბერიასთვის“ დაებრუნებინათ მისი კანონიერი საკუთრება.

უფრო მეტიც, ტელეკომპანიის მესვეურებმა „იბერიის“ სამაუწყებლო ბაზაზე მოინდომეს გასართობი არხის შექმნა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შესაბამისი განცხადებაც კი ჰქონდათ შეტანილი. ტელეომპანია „იბერიამ“ თავისი ლიცენზია მხოლოდ სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ დაიბრუნა. ამიტომ გვაქვს სრული საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ტელეიმედისეთერით გაჟღერებულ განცხადებაში, თითქოს ისინი სოლიდარულები არიან ზეწოლის ქვეშ მყოფი მედიისა და ბიზნესის მიმართ,“ – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილს ექსპერტიზა რუსეთის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდება
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთი ტყვარჩელის შახტების აღდგენას აპირებს