სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 იანვარს ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა.
„2024 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა.
ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული.
ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.