ომბუდსმენმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ კამპანია “წამზომი ჩართულია” დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია “წამზომი ჩართულია” დაიწყო.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, რომლებმაც უკანონოდ შექმნეს, მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

“საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს, ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის გამეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება. ამ საფრთხის განცდა სახელმწიფოს აიძულებს გამოავლინოს ის დამნაშავე პირები, რომლებმაც შექმნეს, მოიპოვეს კადრები და ინტერნეტში გაავრცელეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი. აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად, პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს დღის, საათისა და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან, 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვინ შექმნა და გაავრცელა და როგორ მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება. მისივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველი პერიოდულად შეახსენებს საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს ამ დანაშაულის თაობაზე და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

როგორც უჩა ნანუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იქნება გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ზედამხედველობის კუთხით.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, მას ამ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა ასევე მთავარ პროკურორთან.

banner
წინა სტატიაში,,ზოგჯერ დგება ეტაპი, როცა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა ინდივიდუალურად მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები”
შემდეგი სტატია“პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა ცალკე დანაშაულად გამოვა,”- ეკა ბესელია