13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ომბუდსმენმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე პაპუაშვილს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

11 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

“კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას. პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.

სახალხო დამცველი, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს – საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი”,_ აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო: ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით, ხოლო ღირებულება 51%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაური ჩვენებას მისცემს