ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს მიმართა, ბექა ბექაურის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ომბუდსმენი საქართველოს მთავარ პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების მყისიერად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“2016 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულ იქნა საქართველოს შვიდი მოქალაქე, რომელთაც ბრალად ედებათ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქების მომზადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული პირის ოჯახის წევრის განცხადებით, ბექა ბექაური დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების დროს, რაც გახდა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მიცემის საფუძველი.

საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, ჩემი რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შესძლეს ბრალდებულთა მონახულება, რაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს. სამწუხაროდ გუშინ, ახლადნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ჩემს წარმომადგენლებთან საუბარი ვერ მოახერხა.

ჩვენს მიერ ბექა ბექაური დღესაც იქნა მონახულებული და გამოკითხული, ასევე, მოვიპოვეთ ჰოსპიტალიდან და თბილისის N1 იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია. ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას, კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 2016 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე, და მიუხედავად თავის ქალას ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, ღამის დაახლოებით 11:00 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23:00 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო. მრავლობითი დაზიანებების გამო, ბრალდებული ორჯერ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.

ამრიგად, შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან, ამავდროულად მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

შესაბამისად, მოვითხოვ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები, ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით”- ნათქვამია განცხადება.

banner
წინა სტატიაშიგერმანულმა სასამართლომ 18 წლის მუსლიმს სკოლაში ნიქაბით სიარული აუკრძალა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ბექა ბასიალაიას მტკიცებით ფოთში პოლიცია მის მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით დევნის