ომბუდსმენის თქმით, კარვის დადგმაში ხელის შეშლა შსს-ს მხრიდან უკანონო ზომაა

სახალხო დამცველი პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კარვის განთავსების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, ხოლო პოლიციის ქმედება უკანონო ზომის გამოყენებადაა შეფასებული.

 

„დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.

შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება.

საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარლამენტის მიმდებარედ პოლიციამ 20 აქტივისტი დააკავა – ისინი პარლამენტის უკან განთავსებული კარვების წინ გადმოტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ არ მიეცათ.

სამოქალაქო აქტივისტები 82 დღეა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი არის დაკავებული
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე დააკავეს