ომბუდსმენის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 11 ივნისს ნიკა მელია უკანონოდ დააკავეს

2018 წლის 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დეპუტატი ნიკა მელია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს, – ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც უფლებრივმდგომარეობას შეეხება,

ომბუდსმენის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლებს არაგონივრული დრო, (რამდენიმე საათი) დასჭირდათ იმისათვის, რომ ნიკა მელიას მოქმედი დეპუტატის სტატუსი დაედგინათ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე, პარლამენტის ვებ-გვერდის საშუალებითაც იყო შესაძლებელი.

„საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის წევრის დაკავება. მიუხედავად აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტს.

საქმის შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დააკავეს. საქმის მასალებში არსებული პოლიციელის პატაკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით 15:00 საათზე დაკავებული პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმდა საქართველოს პარლამენტის წევრების სია, დადასტურდა მისი, როგორც მოქმედი დეპუტატის სტატუსი და იგი გათავისუფლდა დაკავებიდან. პოლიციელის მიერ შეტყობინება ხელმძღვანელისადმი ნიკა მელიას დაკავების შესახებ, შედგენილია 18:04 საათზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულის მოქმედი დეპუტატის სტატუსის დასადგენად არაგონივრული დრო, რამდენიმე საათი დასჭირდათ, როდესაც, პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმება ადგილზეც შესაძლებელი იყო და დაკავებულის განყოფილებაში რამდენიმე საათით გადაყვანას არ მოითხოვდა. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს,” – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალი მაჩვენებელი იყოს წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების – უმრავლესობა ომბუდსმენის ანგარიშის წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს
შემდეგი სტატიაივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციას მხოლოდ უკუსვლა მოუტანა