ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში: ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა

“2021 წელს სახალხო დამცველმა არაერთგზის გააკრიტიკა ხელისუფლება კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის იმ მიდგომების გამო, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. კერძოდ, არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.). შედეგად საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღესდღეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37% მდეა სრულად ვაქცინირებული, ასევე ძალიან დაბალია 60 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 37 % მდეა აცრილი. ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია. სამწუხაროდ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ წინაღობას წარმოადგენდა ვაქცინაციის ჩასატარებლად.
კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება”-ნათქვამია ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიშში

banner
წინა სტატიაშიშენ აზღვევ რემონტს, ავეჯს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას 12 ლარიდან
შემდეგი სტატიაომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში: პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება