ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში: ფარული მიყურადების ამსახველი მასალებზე სახალხო დამცველის აპარატს არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს

“ფარული მიყურადების ამსახველი მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვას ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს. მედია-საშუალებებს მიეწოდათ სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული ათასობით ფაილი, ძირითადად სასულიერო პირების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ოქმების სახით და მათი ანალიზი. მასალები. დოკუმენტები ასევე შეიცავდა აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ შინაარსობრივ ინფორმაციას. საგულისხმოა ისიც, რომ არაერთმა პირმა დაადასტურა გავრცელებულ მასალებში ასახული კომუნიკაციის ნამდვილობაც.
გავრცელებული ფაილების უპრეცედენტო მოცულობისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული. სამწუხაროდ ამ ტიპის უკონტროლო მიყურადების საფუძველს ქმნის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს მობილური ოპერატორების სერვერებზე უკონტროლო, პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას, რაც აიოლებს უკანონო მიყურადების შესაძლებლობას და ამცირებს მისი გამოვლენის რისკებს. ეს კანონმდებლობა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმის არსებითი განხილვა დაასრულა 2018 წელს, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია.
საქართველოს პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე მალევე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. სამწუხაროდ სახალხო დამცველის აპარატს არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სახალხო დამცველის მოთხოვნას პროკურატურამ უარით უპასუხა.
საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას. ასევე პარლამენტის მხრიდან შესაძლებელია განხილულიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც”-ნათქვამია ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში: პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება
შემდეგი სტატიაომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში-სრული ვერსია