ომბუდსმენი ფსიქიკურ ცენტრზე – პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან

პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. დაწესებულებაში არ არსებობს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებს გაუწიოს შესაბამისი დონის მზრუნველობა. ხორციელდება მხოლოდ ფარმაკოლოგიური მკურნალობა, პაციენტებს არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

“შენობის ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაუმართავია. მრავალ ადგილიან საერთო პალატებში არის გადატვირთულობა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, დაწესებულებაში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები. შესაბამისად, დაწესებულებაში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ფონზე, დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ ტოვებენ იმის გამო, რომ თემში არ არის საჭირო სერვისები”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, პაციენტების უმრავლესობას ჩამორთმეული აქვთ კუთვნილი ტელეფონები და ახლობლებთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში დამოკიდებულნი არიან პერსონალის კეთილ ნებაზე. შესაბამისად, პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი.

“დაწესებულების პერსონალს არ აქვს შესაბამისი მითითებები და კვალიფიკაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავება, ხოლო როდესაც ასეთი გამწვავება ხდება, ვითარების არაძალისმიერი განმუხტვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ნაცვლად, პაციენტს ბოჭავენ და სწრაფი ტრანკვილიზების მიზნით იძულებით უკეთებენ ინექციებს, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა ხდებოდეს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ანაკლიის პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 500 კოლოფი ​უაქციზო თამბაქო გამოავლინეს