ომბუდსმენი: პოლიციას არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, როცა აქცია კანონიერ ფარგლებს არ სცდება

სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოქალაქეების დარბევის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.

როგორც ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.

“ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან სამართლიანი და სწორი გამოსავალი იყოს ნაპოვნი. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დარბევამდე ცოტა ხნით ადრე ომბბუდსმენმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. ლომჯარიამ როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია. მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე – ვრცელდება დეზინფორმაცია, პოლიციას გაზი არ გამოუყენებია
შემდეგი სტატიაკახაბერ საბანაძე – გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიციას აქვს უფლება, ჭავლის სპეციალური საშუალება გამოიყენოს