ომბუდსმენი: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები

ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროს ივერი მელაშვილსა და ტელეკომპანია მთავარის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება.

“სამწუხაროა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა. ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველის შეფასებები 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშშიც არის ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით”. – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები. განცხადების მიხედვით, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, უნდა გამოიკვეთოს და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.

“გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა”. – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: “ოცნება” წერს ისტორიას, რომ მძინარე პოლიციელები პროტესტანტებმა დაარბიეს
შემდეგი სტატიაავარიის შედეგად მდინარეში გადავარდნილი ბავშვი კეთილმა სამარიტანელმა იხსნა (ვიდეო)