ომბუდსმენი: ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, წარსული გამოცდილებით მიყენებული ზიანის გამეორება არ მოხდეს და 17 მაისის აქციის მოსალოდნელი საფრთხეები სწორად შეფასდეს.

ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მისი აღნიშვნა ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, 1990 წელს განხორციელდა. სოლიდარობის გაცხადებისა და ძალადობის დაგმობისკენ მიმართული დღის აღნიშვნას, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული ქმედებები სდევს ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ.

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები”, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, ისინი განათლებისა და დასაქმების უფლებით სრულყოფილად ვერ სარგებლობენ.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია.

„ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. არსებული პრობლემების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა 2013 წლის 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვასა და ლგბტი ადამიანების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე, თუმცა, სამწუხაროდ მთელი რიგი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მონიტორინგს გაუწევენ.

„ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დღის აღნიშვნის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებაში ლგბტი თემის მიმართ არსებული ჰომოფობიური წინასწარგანწყობების შესამცირებლად. სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოჯახის სიწმინდის დღე – თბილისში 5 ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა
შემდეგი სტატია“მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოო ხალხი რომ ბღაოდა,მავთულხლართები როცა გაგვიბეს გააპროტესტეს?”