სახალხო დამცველის 2025 წლის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომ გასული წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 379 957 ბავშვი ირიცხება (2024 წელთან შედარებით 3%-ით მეტი), რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა.
ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას აფასებს. ჯამში საარსებო შემწეობას სახელმწიფოსგან ჯამში 278 ათასზე მეტი ბავშვი იღებდა.
ანგარიშში წერია, რომ ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი ჯანმრთელობის დაცვასთან, კეთილდღეობასთან, განვითარების შესაძლებლობებთან და ზოგადად, ძირითადი უფლებების სრულფასოვან რეალიზებასთან. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი სოციალური დაცვის მექანიზმების განხორციელებას, რომლებიც ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და ბავშვთა სიღარიბის შემცირებისკენ იქნება მიმართული.
სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე წერია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშნული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა. აქვე საგულისხმოა, რომ ბაზაში რეგისტრირებულია 186 163 ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობას 129 329 ოჯახი იღებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვების რაოდენობა იზრდება, თუმცა ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბები და მისი გამომწვევი სისტემური მიზეზები კვლავ შეუსწავლელია.
“ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბებისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების სისტემური და სიღრმისეული შეფასება ქვეყანაში დღემდე არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი. სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი მატების განმაპირობებელი ფაქტორი, ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება, სოციალური დახმარების თანხის ზრდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის 4-წლიანი საშეღავათო პროგრამის ეფექტი, ასევე შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეგისტრაციის თავისებურებები.
თუმცა მეორე მხრივ, აღნიშნული რაოდენობრივი მატება, ვერ აიხსნება მხოლოდ პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ვინაიდან შესაბამის პროგრამებში ჩართვა თავისთავად მიუთითებს ოჯახების არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებზე. ამდენად, სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი ზრდის განმაპირობებელი გარემოებების დასადგენად, აუცილებელია არსებული სტატისტიკის სისტემური და კომპლექსური ანალიზი, რათა განისაზღვროს ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბი, გამოვლინდეს მისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები და გატარდეს შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
















